პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS)
რას ნიშნავს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS)?
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი რეპროდუქციული ასაკის ქალებში ყველაზე ხშირი ენდოკრინული დარღვევაა. მისი დამახასიათებლი სიმპტომებია:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ოლიგომენორეა;
- ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) სიჭარბე, რაც გამოიხატება ჭარბთმიანობით;
- ორმხრივად გადიდებული საკვერცხეები – ულტრაბგერითი სურათი პერიფერიულად განლაგებული ფოლიკულებით.
ჭეშმარიტი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი გენეტიკური დაავადებაა – შტეინ-ლევენტალის სინდრომი, რომლის დროსაც დარღვეულია CYP-21 ჰიდროქსილაზას სინთეზი და არ ხდება ანდროგენების ტრანსფორმაცია. ხშირად, PCOS გამოიხატება მეტაბოლური სინდრომით და ინსულინორეზისტენტობით.
როგორ ხდება PCOS-ის დიაგნოსტირება?
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) დიაგნოსტირება ხდება:
- სტანდარტული გინეკოლოგიური ბიმანუალური, ანუ ხელით გასინჯვით, როდესაც ისინჯება გადიდებული საკვერცხეები.
- ლაბორატორიული კვლევებით, როდესაც სისხლში ფიქსირდება ანდროგენების მომატებული მაჩვენებლები, ანტიმიულერული ჰორმონის დონის მატება (>7ng/ml), ასევე, როდესაც LH /FSH -ის თანაფარდობა აღემატება 2,5-ს; მეტაბოლური სინდრომით მიმდინარე შემთხვევებში კი მაღალია ინსულინის დონე სისხლში.
- ულტრაბგერითი კვლევით, როდესაც მცირე მენჯის ღრუს კვლევისას ფიქსირდება ორმხრივად გადიდებული საკვერცხეები და მათში ერთმანეთის მიჯრით, პერიფერიულად განლაგებული ფოლიკულები.
როგორ ხდება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობა და მართვა?
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, როგორც წესი, ვითარდება პუბერტატის (გარდატეხის) ასაკიდან, ამიტომ პაციენტის ექიმთან მიმართვის ძირითადი მიზეზი არის დარღვეული მენსტრუალური ციკლი და ჭარბთმიანობა. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი სრულად განკურნებადი არ არის, მაგრამ ის მართვადი პათოლოგიაა. მკურნალობა და მართვა შესაძლებელია მედიკამენტოზურად, რომელთა შერჩევა და დოზირება თოთოეულ პაციენტთან ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობისას არანაკლებ მნიშვნელოვანია სხეულის მასის კორექცია, წონის კლება ამცირებს ინსულინის და ანდროგენების დონეს, რამაც შესაძლებელია აღადგინოს რეგულარული ოვულაცია (ფოლიკულის მომწიფება, გაზრდა და გასკდომა). ასევე, ნახშირწყლების მიღების მაქსიმალური შეზღუდვა, რაც ამცირებს ინსულინის გამომუშავებას. PCOS-ის მკურნალობისას დადებითად მოქმედებს აქტიური ცხოვრების წესი, რეგულარული ვარჯიში ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ამცირებს ინსულინორეზისტენტობას.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი როგორც უნაყოფობის გამომწყვევი ერთ-ერთი მიზეზი
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის დამახასიათებელია ანოვულაციური ციკლები, როდესაც არ ხდება ფოლიკულის ზრდა, ლიდერი ფოლიკულის ჩამოყალიბება და ოვულაცია, რომლის დროსაც კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს მილში. ანოვულაცია უნაყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ამ დროს უნაყოფობის მკურნალობის მიზნით ოვულაციის ინდუქციისთვის გამოიყენება ისეთი მედიკამენტების ჯგუფები, როგორიცაა კლომიფენ ციტრატი, ლეტროზოლი, მეტფორმინი, რაც გამოიყენება ინსულინორეზისტენტობის დროს კომბინაციაში საკვერცხეების სტიმულაციის მედიკამენტებთან ერთად და გონადოტროპინები, საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციისთვის.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობისას, ორსულობის მიღების მიზნით ასევე, გამოიყენება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, როგორიცაა საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება.