COVID-19-ის ვაქცინაციასათან დაკავშირებით უამრავი მცდარი ინფორმაცია და მითი ვრცელდება, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ორსულობის დაგეგმვისა და უნაყოფობის მკურნალობის დროს აცრას შეეხება.
რეპროარტისთვის პაციენტების ჯანმრთელობა და მათთვის ვაქცინაციის შესახებ მართებული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი ცნობების მიწოდება ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეპროარტი ფეხდაფეხ მიყვება ამერიკისა და ევროპის რეპროდუქციული მედცინის ასოციაციების რეკომენდაციებს. რამდენიმე დღის წინ სწორედ ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოებამ პანდემიის პერიოდში პაციენტთა მართვისა და კლინიკური რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ამ ბლოგში სწორედ მათ გაგაცნობთ.
ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება აღნიშნავს, რომ აშშ-ში ამჟამად მიმდინარე ტალღას „აუცრელთა პანდემიად“ მოიხსენიებენ. ვაქცინაციის ხელმისაწვდომობამ COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების სტატისტიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკვეთრად შეამცირა. თუმცა, სამწუხაროდ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელები ამჟამად ისევ იზრდება, განსაკუთრებით კი ვაქცინაციის დაბალი სტატისტიკის მქონე შტატებში. ეს კი უპირველესად სწრაფი გავრცელების „დელტა“ შტამის დომინანტობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ახლახან ჰოსპიტალიზებული პაციენტების 97% აუცრელია.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას ორსული ქალების ვაქცინაცია იმსახურებს, რადგან ვირუსი მათთვის კიდევ უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს. აშშ-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულ ქალთა მხოლოდ 16,3%-ია სრულად აცრილი. ამგვარი დაბალი სტატისტიკა კი ვირუსის საფრთხეს მეტად ზრდის.
შექმნილი რთული ვითარების ფონზე ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეპროდუქციულმა ენდოკრინოლოგებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხი ყველა პაციენტთან უნდა განიხილონ და მათ უნაყოფობის კვლევისა თუ მკურნალობის პერიოდში აცრისკენ მოუწოდონ. „განაყოფიერებამდე ან ორსულობის ადრე ეტაპზე ვაქცინაცია დედისა და ჩანასახისთვის გართულებების შემცირების საუკეთესო გზას წარმოადგენს“, – აცხადებენ გაერთიანების სპეციალისტები.
ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების რეკომენდაციების მიხედვით:
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პლაცენტის საზიანოდ ანტისხეულების სტიმულირებას არ იწვევს;
- არსებული მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის სპონტანური შეწყვეტის რისკებს არ ზრდის;
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კაცის/ქალის ნაყოფიერებასა და უნაყოფობის მკურნალობის შედეგებზე გავლენას არ ახდენს.
პანდემიისა და COVID-19-ის საფრთხის ფონზე ექიმების პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება აღნიშნავს, რომ მათთან კონსულტაციები პაციენტების ვაქცინაციის გადაწყვეტილებაზე დადებით გავლენას ახდენს.
სწორედ ამიტომ, „რეპროარტის“ გუნდის თითოეული წევრი მზად ვართ, ყველა პაციენტის შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი განვუმარტოთ.
კლინიკა რეპროარტი უნაყოფობის მკურნალობის დაწყების მსურველ ქართველ და უცხოელ, მათ შორის სურგაციის და დონაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, რათა დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები შესაძლო გართულებებისგან.
მასალის წყაროები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/covid-data/covidview/index.html
https://apnews.com/article/coronavirus-pandemic-health-941fcf43d9731c76c16e7354f5d5e187
https://www.washingtonpost.com/health/interactive/2021/unvaccinated-case-rate-delta-surge/
MMWR Morb Mortal Wkly Rep 2021;70:895–9
MMWR Morb Mortal Wkly Rep 2020;69:1641–7
https://jamanetwork.com/journals/jamapediatrics/fullarticle/2779182
https://www.idsociety.org/covid-19-real-time-learning-network/vaccines/vaccines-information–faq/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4624045/
https://www.ajog.org/article/S0002-9378(21)00187-3/fulltext
https://doi.org/10.1172/JCI150319
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2666334121000684