ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას – განახლებული ინფორმაცია რეპროარტისგან COVID-19 პანდემიის ფარგლებში

ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას 

განახლებული ინფორმაცია რეპროარტისგან COVID-19 პანდემიის ფარგლებში:

  1. რეპროარტში ვიზიტის დასაგეგმად სასურველია წინასწარ ჩაეწეროთ;
  2. სამივე ფილიალში ქოლ ცენტრი მუშაობს 09:30-17:30 ორშაბათი-პარასკევი, შაბათი 09:30-15:00. თბილისის ფილიალი 032 2 515 909; 595 73 50 74; ქუთაისი 591 907 907; ბათუმი 595 441 144;
  3. მიმდინარეობს უფასო ონლაინ კონსულტაცია სამივე ფილიალში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) რეგისტრაციითვის მიჰყევით ბმულს ;
  4. აუცილებელი ვიზიტის დაგეგმვამდე ჩვენ დეტალურად გავეცნობით თითოეულ პაციენტს და შევეცდებით გავარკვიოთ არიან თუ არა ისინი COVID-19 რისკის მატარებლები. ხოლო ის პაციენტები, რომლებიც არიან COVID-19 დადებითი ან იყვნენ კარანტინში/თვითიზოლაციაში ან ჰქონდათ კონტაქტი შესაძლო დაავადებულ პიროვნებასთან, მიიღებენ რეპროარტის გუნდისგან პროფესიონალურ კონსულტაციას და რჩევებს ტელემედიცინის პლატფორმიდან, რადგან დროებით ვერ შეძლებენ კლინიკაში მოსვლას და საჭირო მომსახურეობის მიღებას;
  5. პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ კლინიკაში მომსახურეობა დაშვებული იქნებიან თანხმლები პირის გარეშე (გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მაგ.: შშმპ პირი);
  6. კლინიკის მომსახურე პერსონალი ხელმღვანელობს ჯანდაცვის ორგანოების მიერ მოწოდებული გაიდლაინებით;
  7. ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტების მიღებისას მათ დაშორებას. ამას გარდა, თანამშრომლებისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მოქმედებს დამატებითი წესები, რომელიც ადგილზე მოსულმა ყველა პირმა უნდა დაიცვას;
  8. COVID-19-ის პრევენციის მიზნით კლინიკა რეპროარტში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. საპროცედურო ოთახებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეზინფექცია ხდება პაციენტის მიღებამდე და მათ შორის შუალედში.

რეპროარტის რა სერვისები არის ხელმისაწვდომი არსებულ სიტუაციაში?

შვილის გაჩენა კაცობრიობის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, ყველა ჩვენი პაციენტისთვის დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დიდი ხნის უშდეგო მცდელობის შემდეგ მოდიან ჩვენამდე. შესაბამისად რეპროარტში შეზღუდული რესურსებით და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით ვაგრძელებთ ზრუნვას, როგორც პირველად ასევე მიმდინარე პაციენტებზე.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ COVID-19 პირობებში ყოველდღიურად იცვლება რეკომენდაციები და გაიდლაინები. ამ ეტაპზე კლინიკა მუშაობს შემდეგი გეგმით:

  1. ყველა ჩვენი პაციენტი ინდივიდუალური მიდგომით განაგრძობს მკურნალობას;
  2. პირველადი კონსულტაციები გადასულია ტელემედიცინის პლატფორმაზე;
  3. ჩვენ აუცილებელ მინიმუმამდე დავიყვანეთ ვიზიტები რუტინული გამოკვლევებისთვის, როგორიცაა სისხლის ანალიზი, ორსულობის ტესტი, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ა.შ.
  4. ვიზიტის დაგეგმვისას და ასევე პროცედურის დაწყებამდე პაციენტები გამოიკითხებიან COVID-19 რისკების შესახებ და ხელს მოაწერენ შესაბამის დოკუმენტზე;
  5. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ სამედიცინო მომსახურეობაზე თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანს ან მის გარშემომყოფ საზოგადოებას. ყველა პაციენტს აქვს ავტონომიური უფლება ექიმთან ერთად მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება მისი მკურნალობის თაობაზე. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებაში;
  6. ჩვენ ვაძლევთ ინდივიდუალურ და გონივრულ რჩევებს ჩვენს პაციენტებს. ზოგი მათგანისთვის მკურნალობის გადავადებამ შეიძლება გაართულოს და გაახანგრძლივოს პროცესი;
  7. ამ ეტაპზე კლინიკაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მომსახურება და პროცედურების უმეტესობა. დეტალებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ კლინიკის საინფორმაციო ნომრებზე: თბილისის ფილიალი 032 2 515 909; ქუთაისი 591 907 907; ბათუმი 595 441 144 ან გაესაუბროთ თქვენს ექიმს.

ავირიდო თუ არა ორსულობა ამ პანდემიის დროს?

თუ თქვენ ხართ დაინფიცირებული ან გაქვთ დაინფიცირების მაღალი რისკი (გაქვთ სიცხე, ხველება, ქოშინი, გაქვთ სუნთქვის უკმარისობა ან იმყოფებოდით დადასტურებული COVID-19 ინფიცირებულ პირთან ორ მეტრზე ნაკლები დისტანციით) ამ შემთხვევაში უნდა გადადოთ ჩვენ კლინიკაში მკურნალობის დაწყება.

სხვა შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გაუცია ორსულობის თავიდან არიდების ან შეწყვეტის რეკომენდაცია. წამყვანი ამერიკული მკვლევარები American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG) და The Society for Maternal-Fetal Medicine (SMFM) გვამშვიდებენ ორსულებთან მიმართებაში.

რომელი გაიდლაინებით ხელმძღვანელობთ პაციენტებზე ზრუნვისას?

რეპროარტი მიჰყვება მსოფლიო გამოცდილებას და ითვალისწინებს American Society for Reproductive Medicine (ASRM), CDC, ACOG და SMFM რეკომენდაციებს. ჩვენი გუნდი აქტიურად მონაწილეობს  საერთაშორისო კონსილიუმებში, რომლებიც ამჟამად ტარდება ვებინარებით და სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები განიხილავენ COVID 19-თან დაკავშირებულ სიახლეებს. კერძოდ, რეპროარტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ‘საერთაშორისო სამიტში’, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენმა კოლეგებმა ჩინეთიდან და იტალიიდან გაგვიზიარეს თავისი ქვეყნის გამოცდილება თუ როგორ მართეს და მართავენ COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს და როგორ იცავდნენ საკუთარ თავს და ოჯახებს ამ ინფექციისგან. ჩვენ გვქონდა ის იშვიათი შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა იმ პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც პირველები იყვნენ ამ პანდემიასთან ბრძოლაში.

როგორ ხდება კორონავირუსით დაინფიცირების რისკების კონტროლი? არიან თუ არა ორსულები უფრო მაღალი რისკის ქვეშ?

ამჟამად მიმდინარეობს კვლევა COVID 19-ის გავლენაზე ორსულ ქალებში. თუმცა მონაცემები იმაზე რომ ორსულები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა არ არის დადასტურებული.

ორსულები, ძირითადად, უფრო მარტივად ავადდებიან ვირუსული ინფექციებით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ავადმყოფობა (Varicella, Influenza და ა.შ.) მწვავედ მიმდინარეობდეს და ნაყოფსაც და დედასაც უქმნიდეს საფრთხეს. როგორც ჩანს SARS-ის ტიპის ვირუსები და მათ შორის ახალი ტიპის კორონავირუსის მიმდინარეობა ორსულებსა და სხვა დაინფიცირებულ პაციენტებში ერთნაირი მიმდინარეობით ხასიათდება. გამომდინარე იქიდან ჩვენ ჯერ კიდევ ვართ COVID-19 შესწავლის ადრეულ სტადიაში, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება COVID-19 ორსულებში უფრო მწვავე მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა არ არსებობს არანაირი მონაცემი COVID-19 ორსულისგან ნაყოფზე გადაცემის შესახებ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არც ერთი ტიპის კორონავირუსს არ გამოუწვევია გართულებები ორსულებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს დაკვირვებას და განაახლებს ინფორმაციას მეტი მტკიცებულების გამოვლენისთანავე, რომელსაც ჩვენც დაუყოვნებლივ გაგიგზიარებთ ფეისბუქის გვერდზე და www.reproart.ge -ის სიახლეების გვერდზე.

შესაძლებელია თუ არა COVID-19 გადაეცეს დედიდან ნაყოფს ან დედიდან ახალშობილს?

ჯერ კიდევ მწირია ინფორმაცია დედიდან ნაყოფზე ან სამშობიარო გზებით COVID 19-ის გადაცემის შესახებ. ამჟამინდელი კვლევებით ამნიონურ სითხეში და დედის რძეში ვირუსი არ აღმოჩენილა.

როგორც ერთერთმა ექიმმა ონლაინ სამიტზე თქვა მან პირადად 100 დაინფიცირებული ორსული ამშობიარა და ყველა ბავშვი იყო ჯანმრთელი.

უნდა ჩაიტაროს თუ არა ორსულმა ტესტი COVID-19-ზე?

WHO რეკომენდაციით COVID 19-ის სიმპტომების მქონე ორსულთა ტესტირება პრიორიტეტულია, რათა დროულად მოხდეს მათი მკურნალობის დაწყება.

საჭიროებს თუ არა საკეისრო კვეთას დადასტურებული ან საეჭვო COVID 19-ის მქონე ორსულები?

WHO მითითებით, თუ არ არსებობს სამედიცინო ჩვენება, საკეისრო კვეთის საჭიროება არ არსებობს. მშობიარობის მეთოდი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და უნდა ემყარებოდეს მშობიარის ინტერესებსა და სამეანო საჭიროებებს.

შეიძლება თუ არა ახალშობილის ძუძუთი კვება თუ დედა ინფიცირებულია COVID 19-ით?

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დიახ, COVID 19-ით ინფიცირებულ დედას შეუძლია ახალშობილის ძუძუთი კვება თუ ეს მისი სურვილია. თუმცა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები:

  1. უნდა დაიცვას რესპირატორული ჰიგიენა, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას
  2. ხელები უნდა დაიბანოს ჩვილთან შეხებამდე და მას შემდეგ
  3. უნდა დაამუშაოს ყველა ზედაპირი სადეზინფექციო ხსნარით რასაც შეეხება

ვარ ორსული, როგორ დავიცვა თავი COVID 19-ისგან?

COVID 19-ისგან თავდაცვის მექანიზმი ერთნაირია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ორსულისთვისაც:

  1. დაიბანეთ ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ალკოჰოლზე დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით;
  2. დახველების ან დაცემინების დროს მიიფარეთ პირზე ხელსახოცი და დაუყოვნებლივ გადააგდეთ ის; გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმლის სახელო;
  3. გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ზედაპირებსა და საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებით;
  4. არ შეეხოთ დაუბანელი ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს;
  5. დაიცავით სოციალური დისტანცია სხვა პირებთან ურთიერთობისას;
  6. მოერიდეთ მცირე და დიდ შეკრებებს;
  7. ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ ტელეფონი ან/და ინტერნეტ კავშირი;
  8. თუ თქვენ გაქვთ: სიცხე, ხველა ან სუნთქვის უკმარისობის ნიშნები დროულად მიმართეთ ექიმს. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე დარეკეთ და მიჰყევით მათ მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას.

უნდა მოვიდე თუ არა  კონსულტაციაზე მიუხედავად გაციებისა და გრიპის?

თუ თქვენ გაქვთ დადებითი პასუხი ქვევით მოცემულ კითხვებზე გთხოვთ აცნობოთ რეპროარტის ქოლ ცენტრს და გადადოთ თქვენი ვიზიტი:

  1. ხართ თუ არა გაციებული და გაქვთ თუ არა გრიპი ?
  2. გაქვთ თუ არა სიცხე?
  3. ხომ არ ყოფილხართ კონტაქტში COVID-19 ინფიცირებულთან?

გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ოჯახის ექიმთან თუ თავს გრძნობთ ცუდად (სიცხე, ხველება, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის უკმარისობა).

როგორ გამოიყურება COVID-19

სურათი ფლორიან კრამერის ლაბორატორიიდან / Image from Florian Krammer lab.

ინფორმაცია განახლებულია 28.03.2020

 

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი