მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ენდომეტრიოზის ძალიან აქტუალურ თემას კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ და ამჯერად იმ გავრცელებული შემთხვევების შესახებ გიამბოთ, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალების ორსულობას შეეხება.
რა არის ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომლითაც საშვილოსნო შიგნიდანაა დაფარული, მის გარეთ იზრდება. ენდომეტრიოზის შესაძლო განვითარების შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური სისხლისა და მასში არსებული ენდომეტრიუმის ქსოვილების ფალოპის მილების გავლით მუცლის ღრუში ჩაღვრას უკავშირდება. შედეგად, იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც, საბოლოოდ, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირებით სრულდება. ეს კი ხელს უშლის როგორც ოვულაციას, ისე კვერცხსავალი მილების ნორმალურ ფუნქციონირებას და გავლენას ახდენს ემბრიონის ხარისხზეც.
ენდომეტრიოზი სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, მათ შორისაა: მტკივნეული მენსტრუაცია, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, ქრონიკული ტკივილი მუცლის ქვედა არეში და უნაყოფობა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ეს დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და იგი სხვა ოპერაციისას, შემთხვევით აღმოაჩინოთ.
ენდომეტრიოზის მკურნალობა და ორსულობა
როგორც წესი, ენდომეტრიოზს მედიკამენტოზურად ან ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ. მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატის გამოყენებას გულისხმობს, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიად საკმარისია. ქირურგიული მეთოდი — ლაპარასკოპია კი დაავადების საშუალო ან მძიმე ფორმების სამკურნალოდ, საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტის, გამოხატული შეხორცებითი პროცესის აღმოსაფხვრელად გამოიყენება.
თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დაორსულებას გეგმავს და მისი უნაყოფობა ენდომეტრიოზითაა გამოწვეული, მკურნალობა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უნდა წარიმართოს. მაგალითად, ქირურგიული ჩარევა საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტის განვითარების ყველა შემთხვევაში გამართლებული არ არის: შესაძლოა, მან ტკივილი შეამსუბუქოს, თუმცა, კისტის ამოკვეთით ჯანსაღი საკვერცხის ქსოვილიც დაიკარგოს. ასეთ დროს მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს კისტის ასპირაცია (დაცლა) ექოსკოპიური მონიტორინგის ქვეშ. ეს არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც, ენდომეტრიალური კისტის შიგთავსი იცლება, საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი და მისი რეზერვი კი ნარჩუნდება. შესაბამისად, ქალს შეუძლია, დაგეგმოს ორსულობა როგორც ნატურალურ ციკლში, ისე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ენდომეტრიოზის მკურნალობისას რეპროდუქტოლოგმა მკურნალობის ინდივიდუალური, საუკეთესო ვარიანტი განსაზღვროს.
გთავაზობთ 3 სავარაუდო შემთხვევას, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
სიტუაცია 1: ტკივილები მაქვს, მაგრამ დაორსულებას ჯერ არ ვცდილობ
თუ დაორსულებას არ ცდილობთ, გინეკოლოგს შეუძლია, დანიშნოს ჰორმონალური მედიკამენტები, რომლებიც ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ლაპარასკოპიული ოპერაცია — ენდომეტრიოიდული უბნებისა და ნაწიბუროვანი ქსოვილების ამოკვეთა დაგჭირდეთ, ხოლო თუ საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტა გაწუხებთ, მისი ასპირაცია ექომონიტორინგის ქვეშ ჩაგიტარდებათ.
ლაპარასკოპია ტკივილის შემსუბუქების ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ენდომეტრიოზის სიმძიმე და ადგილმდებარეობა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპერაციამ, შესაძლოა, თქვენი საკვერცხეების რეზერვზე უარყოფითად იმოქმედოს.
სიტუაცია 2: ტკივილები მაქვს და დაორსულებას ვცდილობ
ამ შემთხვევაში მკურნალობა უნაყოფობის სრული გამოკვლევით უნდა დაიწყოთ, რაც დაგეხმარებათ, გამოავლინოთ ის სხვა მიზეზებიც, რომლებიც დაორსულებაში გიშლით ხელს. პარალელურად, ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის მკურნალობის საუკეთესო გზა ქირურგიული ჩარევაა, რომელიც, როგორც წესი, ლაპარასკოპიულად ხდება.
ოპერაციის შემდეგ უნაყოფობის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია, ან საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI), ან ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF).
აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით, ტკივილი, რომელიც ენდომეტრიოზის გამო გაწუხებდათ, დაორსულებისთანავე გაგიქრებათ.
სიტუაცია 3: ტკივილი არ მაქვს და დაორსულებას ვცდილობ
გაითვალისწინეთ, რომ ენდომეტრიოზის სიმძიმე ტკივილის ხარისხთან პირდაპირ კავშირში ყოველთვის არ არის. ზოგჯერ ქალს ტკივილი საერთოდ არ აწუხებს, თუმცა მისი უნაყოფობა მხოლოდ ენდომეტრიოზითაა გამოწვეული.
ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის სარგებელი არც ისე მკაფიოა, თუმცა უნაყოფობის მკურნალობა ხშირადაა შედეგიანი. მკურნალობის მეთოდებს შორისაა საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულირება, რომელიც შესაძლოა, საშვილოსნოსშიდა ინსემიანაციასთან (IUI) ან ინ ვიტრო განაყოფიერებასთან (IVF) იქნება კომბინირებული.
გაითვალისწინეთ, რომ ენდომეტრიოზის მკურნალობა აუცილებელია. „რეპროარტის“ ექიმების დახმარებით კი ამ დაავადებით გამოწვეული უნაყოფობის სრულად განკურნებაა შესაძლებელი.