გაიცანით ენდომეტრიოზი – ის, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაცია, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მოქმედებისას — ეს და არაერთი სხვა სიმპტომი, რომლებიც ენდომეტრიოზს ახასიათებს, სამწუხაროდ, ბევრი ქალის ცხოვრების ხარისხს აუარესებს.

ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი ფაქტორები დღემდე უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია მისი მართვის შედეგიანი მეთოდები და მკურნალობის ხერხები მაშინაც კი, როცა ის ქალის უნაყოფობის მიზეზი ხდება. დიახ, ენდომეტრიოზი ხშირად უნაყოფობის  გამომწვევადაც იქცევა ხოლმე. ჩვენ ამ მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმაციას ერთად მოვუყარეთ თავი და ამ ბლოგსპოტში სწორედ მას გაგაცნობთ.

რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, როცა ენდომეტრიალური, ანუ საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ქსოვილი მის გარეთ იზრდება. არსებობს ენდომეტრიოზის ორი ფორმა: შიდა და გარეთა. შიდა ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიალური ქსოვილი საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ვრცელდება და მას ადენომიოზი ჰქვია. გარეთა ენდომეტრიოზისას კი, იგივე ქსოვილი მცირე მენჯის ღრუსა (საკვერცხე, შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი) და სხვა ორგანოებზე ვრცელდება. ამ პროცესს ენდომეტრიოზის ჰეტეროტოპიები ეწოდება.

რომელი სიმპტომები მიანიშნებს ენდომეტრიოზის შესახებ?

ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილები მუცლის ქვედა არეში ციკლის დაწყებამდე და მის პერიოდში;
  • მტკივნეული მენსტრუაცია;
  • მენორაგია — ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა;
  • მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა;
  • დისპარეუნია – ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • დისკომფორტი დეფეკაციის (კუჭ-ნაწლავის მოქმედება) დროს;
  • უნაყოფობის პრობლემა.

 ენდომეტრიოზის სავარაუდო მიზეზები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენდომეტრიოზის ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა ამ მდგომარეობის გამომწვევ ფაქტორებზე მედიცინაში სხვადასხვა თეორია არსებობს:

რეტროგრადული მენსტრუაცია – ამ დროს მენსტრუაციული სისხლი, რომელიც ენდომეტრიუმის ქსოვილის უჯრედებს შეიცავს, რეტროგრადულად, ანუ უკუსვლით, ფალოპის მილების გავლით, მცირე მენჯის ღრუში ხვდება, სადაც ამ ღრუს ორგანოების ზედაპირს ემაგრება და ვითარდება. ენდომეტრიალური ქსოვილი ესტროგენდამოკიდებულია, ამიტომ ესტროგენის მოქმედებით ის პროლიფერაციას განიცდის, ანუ მრავლდება და მენსტრუალური ციკლის შესამაბისად სისხლდენას იწყებს.

პერიტონეალური უჯრედების ტრანსფორმაცია, ე.წ. „ინდუქციის თეორია“ — პერიტონეალური უჯრედები მუცლის ღრუს ორგანოებს ფარავენ. მეცნიერები კი ვარაუდობენ, რომ ჰორმონები ან იმუნური ფაქტორები ხელს უწყობენ მათ გარდაქმნას ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად.

ემბრიონული უჯრედების ტრანსფორმაცია — ემბრიონული უჯრედები განვითარების ადრეულ სტადიებზე გვხვდება. პუბერტატის (გარდატეხის) პერიოდში კი ესტროგენმა (საკვერცხის მიერ გამომუშავებული ქალის სასქესო ჰორმონი) ისინი შესაძლოა, ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად გარდაქმნას.

ქირურგიული ნაწიბურის იმპლანტაცია – ქირურგიული მანიპულაციებისას (მაგ: საკეისრო კვეთა, ჰისტერექტომია) ენდომეტრიალური უჯრედები შეიძლება, მექანიკურად ქირურგიულ ნაკვეთში მოხვდეს და ნაწიბურის ენდომეტრიოზის გამომწვევად იქცეს.

ენდომეტრიული უჯრედების ტრანსპორტირება — ეს არის პროცესი, როცა ენდომეტრიალური ქსოვილის უჯრედები ლიმფური ან სისხლის მიმოქცევის გზით ვრცელდება. ასეთ დროს იგი შესაძლოა, ნებისმიერ ორგანოში მოხვდეს.

როგორ ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება?

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების მეთოდებია:

  • სტანდარტული გინეკოლოგიური ბიმანუალური, ანუ ხელით გასინჯვა. ენდომეტრიალური ცისტების არსებობის შემთხვევაში, მცირე მენჯის ღრუში მოცულობითი წარმონაქმნი ისინჯება;
  • ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომელიც ენდომეტრიალური ცისტების შენებისთვის დამახასიათებელ ულტრაბგერით ნიშნებს (მაგ: ჰომოგენური, შეწონილი შიგთავსის მქონე წარმონაქმნი) აჩვენებს;
  • მაგნიტორეზონანსული კვლევა (MRI), რომელიც ენდომეტრიალური იმპლანტის ლოკაციისა და გავრცელების ფართობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა;
  • დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, რომელიც ენდომეტრიოზის გავრცელებას, მის ტიპსა და ლოკაციას ზუსტად განსაზღვრავს.

ენდომეტრიოზის მკურნალობა ორსულობის დაგეგმვისთვის

პაციენტები, რომლებსაც ენდომეტრიოზი აწუხებთ, ექიმს ძირითადად ტკივლის გამო მიმართავენ. რეპროარტში თითოეულ მათგანს სრულფასოვანი კვლევა უტარდება. დიაგნოსტირების შემდეგ კი ინდივიდუალური მკურნალობა იწყება.

ენდომეტრიოზის მკურნალობისთვის მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები არსებობს. მათი შერჩევის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ქალის ასაკი და ოვარიალური რეზერვი (ფოლიკულების მარაგი), რომელსაც საკვერცხეში ენდომეტრიალური ცისტის არსებობა ამცირებს. ყველაზე ხშირი მეთოდი ქირურგიული მკურნალობაა, რასაც საკვერცხის ნორმალური ქსოვილის დაკარგვა და მისი რეზერვის შემცირება მოჰყვება ხოლმე. ეს კი შვილოსნობის უნარის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ ენდომეტრიალური ცისტების კონსერვატიულ მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რეპროარტში ქალებს, რომლებსაც ორსულობის დაგეგმვაში ხელს ენდომეტრიოზი უშლით, მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე და დამზოგველი მეთოდი – ცისტის ასპირაცია (თუ ცისტა არ აღემატება 3 სმ-ს) უტარდებათ. ცისტის ასპირაცია ოპერაციული ჩარევა არ არის. პროცედურის საშუალებით, ენდომეტრიალური შიგთავსი იცლება, საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი და მისი რეზერვი კი ნარჩუნდება. შესაბამისად, ქალს ეძლევა დრო, დაგეგმოს ორსულობა როგორც ნატურალურ ციკლში, ისე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების – ოვულაციის ინდუქცია, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერება გამოყენება

აღსანიშნავია, რომ ცისტის ასპირაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა,  დაცლილი ცისტა ენდომეტრიალური შიგთავსით ისევ შეივსოს, ამიტომ წარმატებული ორსულობის მისაღებად დროული და ეფექტიანი მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი