ის, რაც ენდომეტრიოზის შესახებ შესაძლოა არასწორად იცით

ენდომეტრიოზის მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია. დაავადება, რომლის შესახებ პირველი ცნობები დანიელ შროენმა ჯერ კიდევ 1690 აღწერა, ენდომეტრიოზი აქტუალობას არ კარგავს. ეს გასაკვირი არც არის, მით უმეტეს, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ენდომეტრიოზი 10-დან 1 ქალს უვლინდება.

თუმცა, მსჯელობებს შორის ხშირად მცდარ ინფორმაციასაც შეხვდებით. ენდომეტრიოზის სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ ჩვენ ამომწურავად ცოტა ხნის წინ გიამბეთ https://reproart.ge/ra-unda-vicodet-endometriozis-shesaxeb/, ახლა კი გადავწყვიტეთ, იმ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს შევეხოთ, რომლებიც ამ დაავადების ირგვლივ არსებობს. 

მაშ ასე:

მცდარია: მტკივნეული მენსტრუალური ციკლი აუცილებლად ენდომეტრიოზს ნიშნავს.

მენსტრუაციის დროს ტკივილი ბუნებრივი არ არის, თუმცა ის ყოველთვის ენდომეტრიოზს არ უკავშირდება. შესაძლოა, მას მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები ან საშვილოსნოს ყელის სტენოზი იწვევდეს. სტენოზი საშვილოსნოს ვიწრო ყელია, რაც მენსტრუალური სისხლის გამოდევნას ართულებს, საშვილოსნოსშიდა წნევას ზრდის და ტკივილს განაპირობებს. ამას გარდა, ზოგჯერ მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზად ქალის სასქესო სისტემის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნები (ფიბროიდული წარმონაქმნები, ცისტა, პოლიპი) ან სხვა ფაქტორები იქცევა ხოლმე.

მცდარია: მენსტრუაციულ ციკლებს შორის სისხლდენა მხოლოდ ენდომეტრიოზის დროს ვლინდება.

სინამდვილეში ციკლებს შორის სისხლდენა ენდომეტრიუმის პოლიპმა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიამ (როცა ენდომეტრიუმის სისქე დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აღემატება), საშვილოსნოში კვანძების არსებობამ და სხვა მიზეზებმაც შეიძლება განაპირობოს.

მცდარია: ენდომეტრიოზი მხოლოდ 30 წელს ზემოთ ასაკის ქალებშია გავრცელებული.

რეალურად კი, შესაძლოა, ენდომეტრიოზი რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერ ქალში — 15 წლიდან 49 წლამდე გამოვლინდეს.

მცდარია: ენდომეტრიოზს იწვევს სტრესი.

ენდომეტრიოზის ძირითადი მიზეზი სტრესი არ არის. მას საფუძვლად რთული მემკვიდრეობითი, ეპიგენეტიკური და მოლეკულური ფაქტორები უდევს. ენდომეტრიოზი მრავალფაქტორული, ფიზიოლოგიური, ჰორმონდამოკიდებული, მორეციდივე და ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც სტრესი არ იწვევს.

მცდარია: ენდომეტრიოზის მქონე პაციენტს შვილის ყოლა არ შეუძლია.

ენდომეტრიოზი ზოგჯერ მართლაც წარმოადგენს უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზს, თუმცა სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტს დაორსულებაც შეუძლია და შვილის ყოლაც.

მცდარია: ენდომეტრიოზს ორსულობა კურნავს.

ორსულობა ენდომეტრიოზს არ კურნავს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, მის სიმპტომებს ამსუბუქებს, რაც ამ დროს ჰორმონ პროგესტერონის მომატებით აიხსნება. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და შესაძლოა, ენდომეტრიოზით გამოწვეული დისკომფორტი მშობიარობის შემდეგ ან ძუძუთი კვების დროს დაბრუნდეს.

მცდარია: ენდომეტრიოზს მკურნალობა არ სჭირდება, ის თავისით გაივლის.

არა, ენდომეტრიოზი თავისით არ გაივლის და მას შესაბამისი მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება. მკურნალობის ფონზე კი არა მარტო ენდომეტრიოზით გამოწვეული სიმპტომები მსუბუქდება და ქრება, არამედ დაავადების პროგრესირებაც ფერხდება.

მცდარია: ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) ენდომეტრიოზისგან განკურნების ერთადერთი გზაა.

ეს მცდარი შეხედულებაა, რადგანაც შესაძლებელია, სხვადასხვა ქსოვილსა თუ ორგანოში ჩაზრდილი ენდომეტროიდული ქსოვილი საშვილოსნოს მოკვეთის შემდეგაც დარჩეს და შემდგომში ის ენდომეტრიოზით გამოწვეული გართულებების მიზეზად იქცეს.

მცდარია: ენდომეტრიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესია.

ენდომეტრიოზს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან კავშირი არ აქვს. ის ჰორმონდამოკიდებული, ქრონიკულად მორეციდივე დაავადებაა.

მცდარია: ენდომეტრიოზი მხოლოდ სასქესო ორგანოებზე ვრცელდება.

სასქესო ორგანოებზე გავრცელების გარდა, შესაძლოა, ენდომეტრიოზი სისხლის ნაკადით მიტანილი იყოს სხვადასხვა ორგანოში, მაგალითად, სწორ ნაწლავში, ფილტვებში, თვალში, ცხვირის ღრუში და ა.შ.

და ბოლოს:

ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის სიმპტომებიც ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე ახდენს. პაციენტებს ხშირად არა მარტო ტკივილისა და დისკომფროტის ატანა, არამედ სხვადასხვა აქტივობაზე უარის თქმაც უწევთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა, რომლებსაც ენდომეტრიოზზე აქვთ ეჭვი, ექიმს აუცილებლად მიმართონ.

ენდომეტრიოზი მკურნალობას საჭიროებს არა მხოლოდ უნაყოფობის შემთხვევაში, არამედ მაშინაც, როცა პაციენტს დაავადების მსუბუქი ან საშუალო ფორმა აქვს. რეპროარტში შესაძლებელია დროულად ჩატარებული დიაგნოსტირებითა და მკურნალობით ის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმსაც დაუბრუნდეს და ენდომეტრიოზით გამოწვეული გართულებებიც აიცილოს თავიდან.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი