ლიკა ჭყონია ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდი IWEC 2015-ის გამარჯვებული
ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდის (IWEC) 2015 წლის გამარჯვებული ქართულ – ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა
რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორი ლიკა ჭყონია
IWEC – ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდი დაფუძნებულია ნიუ იორკში, ბარსელონის სავაჭრო პალატის (Barcelona Chamber of Commerce) ინიციატივით, მანჰეტენის სავაჭრო პალატასთან (Chamber of Commerce of Manhattan, New York) და ინდოეთის სავაჭრო პალატების გაერთიანების და მრეწველ ქალთა ორგანიზაციის FICCI/FLO (the Federation of Indian Chambers of Commerce and Industry Ladies Organization) თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით. მალევე, სამხრეთ აფრიკის სავაჭრო პალატა (The Cape Chamber of Commerce in South Africa) გახდა ფონდის პარტნიორი.
IWEC-ის მიზანია წარმატებული ბიზნესის მფლობელი ქალთა დასახმარებლად გლობალური ბიზნეს ქსელის განვითარება, რათა საერთაშორისო ბაზრი მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამავე დროს ფონდის მიზანია გაავრცელოს ინფორმაცია წარმატებული ქალების საქმიანობის შესახებ, რომ ბევრ ქალს გაუჩნდეს სურვილი და დარწმუნდეს იმაში რომ შესაძლებელია ქალი ძალიან წარმატებული იყოს ბიზნესში.
IWEC ასევე წარმოადგენს ქალ ბიზნესმენთა გამოცდილების, კავშირების და ცოდნის ურთიერთგაცვლის პლატფორმას მთელ მსოფლიოში, რომელიც ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გარემოს ქმნის და ხელს უწყობს სოციალურ დიალოგს მეწარმე ქალთა და ბიზნეს ლიდერთა შორის.
15-18 ნოემბერს სტამბულში ჩატარდა IWEC – ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც დასრულდა გალა საღამოთი, სადაც მსოფლიოს 27 ქვეყნიდან წარდგენილი 2015 წლის გამარჯვებული ბიზნესმენი ქალები საზეიმოდ დააჯილდოვეს.
საქართველოდან, 2015 წლის გამარჯვებულად დასახელებული იყო ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მფლობელი და დირექტორი ლიკა ჭყონია.