აზოოსპერმია მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუმცა, „რეპროარტის“ მრავალწლიანი გამოცდილება და კლინიკაში დანერგილი რეპროდუქციული მედიცინის თანამედროვე მიღწევები, საშუალებას იძლევა, დიაგნოზის დროულად და სწორად დასმის შემთხვევაში, სიმძიმის შესაბამისად შეირჩეს მეთოდი, რომელიც ამ პრობლემის მქონე მამაკაცებისთვის მამობის შანსს რეალობად აქცევს. ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ აზოოსპერმიის პრობლემასა და მისი გადაჭრის მეთოდებზე გიამბობთ.
აზოოსპერმია და მისი გავრცელების სიხშირე
მსოფლიოს ზოგად პოპულაციაში წყვილების 15%-ს უნაყოფობის პრობლემა აქვს. უნაყოფობის ყველა შემთხვევის ნახევარში მაინც მისი მთავარი ან ხელშემწყობი მამაკაცის ფაქტორია. მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის მიზეზებს შორის კი 20% აზოოსპერმიითაა (სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არ არსებობა) განპირობებული.
როგორც ცნობილია, სპერმატოგენეზი, იგივე სპერმის წარმოქმნა, სათესლე ჯირკვლებში მიმდინარეობს. გამომუშავებული სპერმატოზოიდები კი სპერმსავალი გზებითა და სპერმალურ სითხესთან შერევით ურეთრიდან, შარდმდენი მილიდან გამოიყოფა. აზოოსპერმია წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც ეაკულატში, ანუ სპერმალურ სითხეში, სპერმატოზოიდები არ არსებობს.
ცნობილია აზოოსპერმიის ორი ტიპი: ობსტრუქციული და არაობსტრუქციული:
- ზოგიერთ შემთხვევაში, მამაკაცებში სპერმასავალი გზების ობსტრუქცია ან ბლოკირება გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სათესლე ჯირკვლებში აქტიური სპერმატოგენეზი მიმდინარეობს, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, სპერმატოზოიდი ეაკულატში ვერ გადმოდის. ამ პათოლოგიას ობსტრუქციული აზოოსპერმია ეწოდება.
- სხვა შემთხვევაში კი მამაკაცებში სპერმატოგენეზის პრობლემა დგას: სათესლე ჯირკვლები ან საერთოდ არ გამოიმუშავებენ სპერმატოზოიდებს, ან იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ისინი ეაკულატში ვერ ხვდებიან. სწორედ ამ პათოლოგიას ეწოდება არაობსტრუქციული აზოოსპერმია.
აზოოსპერმიის გამომწვევი მიზეზები და დიაგნოსტიკა
აზოოსპერმიის მიზეზები აზოოსპერმიის ტიპებთანაა კავშირში. ობსტრუქციული აზოოსპერმიის გამომწვევი შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები, მაგალითად, ცისტური ფიბროზი (Cystic Fibrosis) იყოს, რომლის დროსაც მამაკაცებში სპერმის სადინრის (Vas Deferens) ორმხრივი არარსებობა გვხვდება. მიზეზს შესაძლოა, წარმოადგენდეს შეძენილი დეფექტიც — წინაღობა ეპიდიდიმისში (სათესლე ჯირკვლის დანამატი) ან სპერმსავალ გზებში. ამგვარი დაზიანება შეიძლება ტრავმამ, ანთებითმა პროცესმა, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებმა, ან წარსულში ჩატარებულმა სხვადასხვა ქირურგიულმა ოპერაციამ და ა.შ. გამოიწვიოს.
თანდაყოლილი ან შეძენილი მიზეზები განაპირობებს არაობსტრუქციულ აზოოსპერმიასაც. მათ შორისაა ზოგიერთი გენეტიკურმა დარღვევები, მაგალითად, კლაინფელტერის სინდრომი, Y ქრომოსომის მიკროდელეცია, კალმანის სინდრომი და კრიპტორქიზმი, როცა სათესლე ჯირკვლები სათესლე პარკში ჩამოსული არ არის.
ამას გარდა, მიზეზებს შორის ხშირად გვხვდება ვარიკოცელეც, ანუ სათესლე ჯირკვლიდან გამომავალი ვენების გაფართოება, რაც სპერმის გამომუშავებას აფერხებს, ჰორმონალური დისბალანსი/ენდოკრინული დარღვევები, ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და სხვა.
იმის გამო, რომ აზოოსპერმია სრულფასოვან სქესობრივ ურთიერთობას ხელს არ უშლის, აზოოსპერმიის აღმოჩენა ხშირად მაშინ ხდება, როცა მამაკაცს შვილის ყოლა სურს. მისი დიაგნოსტიკისა და გამოწვევი მიზეზის დასადგენად, უპირველესად საჭიროა უროლოგ-ანდროლოგთან კონსულტაცია, სპერმის ანალიზი, ფიზიკალური გამოკვლევა, ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრა, ინსტრუმენტული კვლევების, მათ შორის, საშარდე გზებისა და სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში, კი ინიშნება გენეტიკური ტესტირებები: კარიოტიპირება, Y ქრომოსომის მიკროდელეციის ტესტი და ცისტური ფიბროზის გენის მუტაციის ტესტი.
აზოოსპერმიასთან გამკლავების თანამედროვე მეთოდები
აზოოსპერმიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ მამაკაცს ბიოლოგიური შვილი არ ეყოლება. ზუსტი და დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, „რეპროარტში“ ექიმი მისი ტიპისა და გამომწვევი მიზეზების დადგენის, ასევე, სრულფასოვანი გამოკვლევების შედეგების მიღების შემდეგ უნაყოფობის პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიან მეთოდს ინდივიდუალურად არჩევს.
მაგალითად, ობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს, სპერმის მოპოვების მიზნით, „რეპროარტში“ გამოიყენება მიკროქირურგიული ჩარევის მეთოდი: PESA – სპერმის ასპირაცია ეპიდიდიმიდან. არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს კი, თუ მიზეზი ჰორმონალური დისბალანსია, ჰორმონალური მკურნალობა ინიშნება. აღსანიშნავია, რომ სპერმის მოპოვება არაობსტრუქციული აზოოსპერმიის ყველაზე მძიმე ფორმის დროსაც კი შესაძლებელია. სწორედ ამ მიზნით, „რეპროარტში“ სულ ახლახან დაინერგა სპერმის მიკროქირურგიული ასპირაციის უახლესი მეთოდი — Micro TESE, რომელიც მიკროსკოპის საშუალებით სათესლე ჯირკვლიდან სპერმის ამოღებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მეთოდით 1 ცალი სპერმატოზოიდის პოვნაც კი საკმარისია, რომ იგი ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის (ICSI) დროს კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად იყოს გამოყენებული.
ამდენად, ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა „რეპროარტში“ დანერგილი მეთოდებისა და პროცედურების დახმარებით, მამაკაცებს აზოოსპერმიის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში აქვთ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენისა და შვილის ყოლის შესაძლებლობა.