ქალი ცხოვრების მანძილზე ნეირო-ენდოკრინულ სტრესს ორჯერ განიცდის: ერთხელ სქესობრივი მომწიფებისას (პუბერტაციის პერიოდი), როდესაც მას მენსტრუაცია ეწყება, მეორედ კი – მენოპაუზისას (კლიმაქსი), როცა მენსტრუაცია უწყდება. ორივე პროცესი ქალის ფიზიოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. შესაძლოა, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ნეირო-ენდოკრინულმა დარღვევებმა მისი რეპროდუქციული სისტემა მნიშვნელოვნად დააზიანოს, გართულებულმა მენოპაუზამ კი ისეთი დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ოსტეოპოროზი (ძვლების გამოფიტვა), დიაბეტი, ფსიქიური აშლილობები და სხვა.
სამწუხაროდ, საქართველოში რეპროდუქციის საფუძვლები სკოლის პერიოდში არ ისწავლება და არც სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურაა ფართოდ ხელმისაწვდომი, ამიტომ ქალები ამ ორივე პერიოდს ხშირად მოუმზადებლები ხვდებიან. უფრო მეტიც: გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ თუ 40 წელს გადაცილებულ ქალს ოფლიანობა, უძილობა, დეპრესია, სახსრების ტკივილი, განწყობის ხშირი ცვლა და ე.წ. „ალები“ ეწყება, ამაში უჩვეულო არაფერია, პირიქით: ასაკობრივია და გაივლის. სინამდვილეში კი, შემთხვევების 80%-ში მენოპაუზა მართვას საჭიროებს, რისთვისაც არაერთი თანამედროვე მეთოდი არსებობს.
უმეტესწილად ქალები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას მენოპაუზის გართულებებზე, არ იციან, რა დროს უნდა მიმართონ ექიმს და როგორ აიცილონ თავიდან არა მარტო მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, არამედ ის სამომავლო გართულებებიც, რომლებიც მან შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენს სტატიაში შევეცდებით ბევრ კითხვას გავცეთ პასუხი რაც მენოპაუზასთან არის დაკავშირებული.
რა არის მენოპაუზა?
მენოპაუზა ბუნებრივი/ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმი რეპროდუქციულ (გამრავლების) ფუნქციას წყვეტს. მენოპაუზა საკვერცხეებში სასქესო ჰორმონების (ესტრადიოლი/პროგესტერონი) გამომუშავების, კვერცხუჯრედების ზრდისა და განვითარების შეჩერებით გამოიხატება. ამ პროცესს პირდაპირ უკავშირდება მენსტრუაციის შეწყვეტაც, რადგან მენსტრუაციული ციკლი საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ჰორმონებით იმართება. თუ 45 წელს გადაცილებულ ქალს 12 თვის განმავლობაში მენსტრუაცია არც ერთხელ არ ჰქონია, მიიჩნევა, რომ მას მენოპაუზა, იგივე კლიმაქსი დაუდგა.
ფიზიოლოგიურის გარდა, არსებობს ინდუცირებული (გამოწვეული) მენოპაუზა, რომელიც შესაძლოა, განაპირობოს საკვერცხეების ამოკვეთამ, ონკოლოგიური დაავადებების რადიოლოგიურმა და/ან ქიმიოთერაპიულმა მკურნალობამ, ან სხვადასხვა დაავადების, გონადოტროპინის რილიზინგ ჰორმონის ანალოგებით მკურნალობამ.
არსებობს ე.წ. ადრეული მენოპაუზაც, რომელსაც ხშირად საკვერცხეების ადრეულ „განლევას“ ან საკვერცხეების პირველად უკმარისობას უწოდებენ. ადრეულ მენოპაუზად 40 წლის ასაკამდე მენსტრუაციის/ოვულაციის შეწყვეტა ითვლება. მის მიზეზებს შეიძლება წარმოადგენდეს: გენეტიკური დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგია, იშვიათ შემთხვევებში კი ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორებიცაა ტუბერკულოზი, მალარია და ყბაყურა.
რა არის პერიმენოპაუზა და პოსტმენოპაუზა ?
პერიმენოპაუზა რეპორდუქციულ პერიოდსა და მენოპაუზას შორის არსებულ დროს ე.წ. გარდამავალ პერიოდს ეწოდება. იგი საშუალოდ 45 წლის შემდეგ იწყება. პერიმენოპაუზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 7 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. როგორც წესი, პერიმენოპაუზისას აღინიშნება მენსტრუაციის რიტმის დარღვევა: გაიშვიათება (2-3 თვეში ერთხელ) ან გახშირება, მენსტრუაციული გამონადენის შემცირება ან ეპიზოდური სისხლდენები.
დროთა განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდი იზრდება, მენსტრუაციული გამონადენი კი მცირდება. საბოლოოდ, დგება მომენტი, როდესაც ქალს 12 თვის განმავლობაში მენსტრუაცია არცერთხელ არ მოსდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მენოპაუზა დადგა. მენოპაუზის შემდეგ კი უკვე პოსტმენოპაუზის პერიოდი იწყება.
მენოპაუზის სიმპტომები
პერიმენოპაუზის დროს შეინიშნება:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მენსტრუაციებს შორის დროის შემცირება ან გაზრდა);
- მენსტრუალური გამონადენის რაოდენობრივი ცვლილება;
- სიმძიმის, ზოგჯერ კი ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, საკვერცხეების მიდამოებში;
- მუდმივი თავის ტკივილი;
- ძუძუების მოშვება;
- წონაში მატება;
- თმის გათხელება;
- კანის სიმშრალე;
- სახეზე „ახალი“ თმიანობა.
როგორც პერიმენოპაუზის, ისე პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალს შეიძლება აწუხებდეს ისეთი სიმპტომები, რომლებიც ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს, მათ შორისაა:
- ოფლიანობა;
- წამოხურებები („ალები“);
- გულის „ფრიალი“;
- უძილობა;
- სახსრების ტკივილი;
- დეპრესიულობა;
- განწყობის სწრაფი ცვლა;
- მუდმივი დაღლილობა;
- გახშირებული შარდვა;
- საშოს სიმშრალე;
- მტკივნეული სქესობრივი კავშირი.
ამ სიმპტომების მიზეზი სისხლში ესტროგენებისა და პროგესტერონის კონცენტრაციის შემცირებაა. მენოპაუზის სიმპტომები 2 დან 11 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
როდის უნდა მიმართოს ქალმა ექიმს?
პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის სამართავად სამედიცინო ჩარევა მაშინ არის აუცილებელი, როდესაც მენოპაუზური სიმპტომების გამო ქალს უქვეითდება შრომისუნარიანობა, ერღვევა ცხოვრების ჩვეული რიტმი, ზოგადად კი უქვეითდება ცხოვრების ხარისხი.
მენოპაუზის მართვა რეპროარტში
თანამედროვე მედიცინაში მენოპაუზის მართვის საკმაოდ გამოცდილი და ეფექტიანი მეთოდები არსებობს. ისინი რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
- არამედიკამენტოზური – ცხოვრების წესის შეცვლა (მაგალითად, თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა), სპეციალური დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და ა.შ;
- მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ფიტოესტროგენების გამოყენება;
- არაჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა;
- ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა.
ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა „რეპროარტში“ გამოცდილი ექიმები ყველა ამ თანამედროვე მეთოდს სრულყოფილად ფლობენ. კლინიკაში პაციენტებისთვის მენოპაუზის მართვის ინდივიდუალური რეჟიმი ირჩევა, რომელიც ზემოჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდის კომბინაციას შეიძლება წარმოადგენდეს. ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად მიყევი ბმულს http://reproart.ge/caewere-vizitze/