რეპროარტში მუდმივად ვიკვლევთ პაციენტების სურვილებს, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და ვცდილობთ, ჩვენი მომსახურება განსაკუთრებით კომფორტული, ხარისხიანი და რაც მთავარია, ყველა კონკრეტულ პაციენტზე მორგებული იყოს. ბევრი საინტერესო სიახლე კლინიკაში ამ მიდგომის დახმარებითაა შექმნილი და ახლაც სწორედ ასეთ ინოვაციურ მომსახურებაზე — პაციენტის პირადი მენეჯერის სამსახურზე გვინდა გიამბოთ, რომელიც სულ ახლახან, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა და პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის საფუძველზე დავნერგეთ.
ვინ არის პაციენტის პირადი მენეჯერი?
პირადი მენეჯერი კლინიკასა და პაციენტს შორის დამაკავშირებული შუალედური რგოლია, რომელიც მათ მკურნალობის პროცესში ყველა საჭირო პირობას უქმნის და ხარისხიანი მომსახურების მიღებაშიც ეხმარება. რადგან ეს პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ ხშირად პაციენტისთვის ჩვენი კლინიკა მეორე სახლი ხდება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის თავს მყუდროდ, ოჯახურ გარემოში გრძნობდეს და ყველა ინფორმაციას, რაც მკურნალობის სპეციფიკასთან, პროცედურებთან, მედიკამენტებთან, გამოვკლევებსა თუ სხვა პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, დროულად იღებდეს.
პასუხი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შეკითხვაზე, ყურადღება და ზრუნვა, ეფექტიანი კოორდინირება და პროცესების უკეთ მართვა — სწორედ ამ კომპონენტებს აერთიანებს პაციენტის პირადი მენეჯერის სამსახური.
„პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ რეპროარტში, ემზადებიან ინ ვიტრო განაყოფიერების თუ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროცედურისთვის, პირადი მენეჯრის სახით ჰყავთ მეგობარი, რომელიც ზრუნავს მათ როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე“, – გვიყვება რეპროარტის პირადი მენეჯერი ნათია მეტრეველი, რომელსაც თითოეულ პაციენტთან მუდმივი, ინდივიდუალური ურთიერთობა აკავშირებს და ამით ექიმებთან კომუნიკაციას ძალიან უმარტივებს.
რა მოვალეობები აქვს პაციენტის პირად მენეჯერს?
უფრო დეტალურად პაციენტის პირადი მენეჯერის მოვალეობები ასე გამოიყურება:
- ადმინისტრაციული, იურიდიული თუ ფინანსური კუთხით პაციენტის მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება. მაგალითად, ხელშეკრულებების გაცნობა, გადახდის მექანიზმების შესახებ ინფორმირება და ბიუჯეტის დაგეგმვაში დახმარება;
- პაციენტისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, საინფორმაციო ბროშურით უზრუნველყოფა, ანალიზებთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟი, დიაგნოსტიკური ანალიზის პასუხების ან ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ანგარიშის გაგზავნა ან გაგზავნის კოორდინაცია, ვიზიტის დანიშვნის კოორდინაცია;
- ურთიერთობა და კოორდინაცია ექთნებთან, ემბრიოლოგებთან, რეგისტრატურასთან როგორც მკურნალობის დაწყებასთან, ისე სხვა პროცესებთან დაკავშირებით (მაგალითად, მკურნალობის პროცესის ახსნა, დანიშნულებასთან დაკავშირებული კითხვების დაზუსტება და სხვა).
- პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო მხარდაჭერა.
რომელ პაციენტს ჰყავს პირადი მენეჯერი?
პირადი მენეჯერის სერვისს რეპროარტში მოსული ყველა ის პაციენტი იღებს, რომელიც მშობლობაზე ოცნებობს. მნიშვნელობა არ აქვს, სჭირდება თუ არა მას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობა, მაინც შეუძლია, ნებისმიერ დროს პირად მენეჯერს მიმართოს.
პირად მენეჯერს პაციენტებთან 24-საათიანი კომუნიკაცია აქვს. მაგალითად, ნათია მეტრეველი ყველას ეუბნება, რომ მასთან დარეკვა და სოციალური ქსელებით დაკავშირება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
„ჩემთვის მთავარი მოტივაცია მეტი ახდენილი ოცნება, მეტი ბედნიერი წყვილი და მეტი ახალი გულისცემაა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტმა მორალური და ემოციური თანადგომა იგრძნოს როგორც ჩემგან, ისე მთლიანად რეპროარტის გუნდისგან, სიამოვნებდეს ჩვენთან მოსვლა“, – აღნიშნავს ნათია მეტრეველი.
ჩვენთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტების ბედნიერება და ოცნებების ახდენაა. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. პირადი მენეჯერი კი კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ერთად სწორედ ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ: საჭირო მოტივაციასაც მოგცემთ და ამ პროცესის თანამონაწილეც იქნება.