პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), რომელიც რეპროდუქციული ასაკის გავრცელებული ენდოკრინული დარღვევაა, ბევრი ქალისთვისაა ნაცნობი. თუმცა, შედარებით ნაკლებმა იცის, რომ ის უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზიცაა. ამჯერად ჩვენ სწორედ ამ სინდრომსა და მის მკურნალობაზე შევაჩერებთ ყურადღებას.
როდის მივიტანოთ ეჭვი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომზე
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი რამდენიმე სიმპტომით ვლინდება. მათ შორისაა:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ოლიგომენორეა;
- ანდროგენების (კაცის სასქესო ჰორმონების) სიჭარბე, რაც ჭარბთმიანობით გამოიხატება;
- ორმხრივად გადიდებული საკვერცხეები, რაც ულტრაბგერით სურათზე პერიფერიულად განლაგებული ფოლიკულებითაა გამოხატული;
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი გენეტიკური დაავადებაა. ეს არის შტეინ-ლევენტალის სინდრომი, რომლის დროსაც დარღვეულია CYP-21 ჰიდროქსილაზას სინთეზი და არ ხდება ანდროგენების ტრანსფორმაცია, ამიტომ ხშირად PCOS მეტაბოლური სინდრომითა და ინსულინორეზისტენტობითაა გამოხატული.
როგორ ხდება PCOS-ის დიაგნოსტირება
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტირებისთვის თანამედროვე მედიცინა რამდენიმე გავრცელებულ და ეფექტიან მეთოდს იყენებს. PCOS დგინდება:
- სტანდარტული გინეკოლოგიური ბიმანუალური, ანუ ხელით გასინჯვით — ასეთ დროს პაციენტს გადიდებული საკვერცხეები აღენიშნება;
- ლაბორატორიული კვლევებით — სისხლში ანდროგენების გაზრდილი მაჩვენებლები ან ანტიმიულერული ჰორმონის დონის მატება (>7ng/ml) ფიქსირდება, ან LH /FSH -ის თანაფარდობა 2,5-ს აღემატება. მეტაბოლური სინდრომით მიმდინარე შემთხვევებში კი, სისხლში ინსულინის დონეა მაღალი;
- ულტრაბგერითი კვლევით — პაციენტის მცირე მენჯის ღრუს კვლევისას ორმხრივად გადიდებული საკვერცხეები და მათში ერთმანეთის მიჯრით, პერიფერიულად განლაგებული ფოლიკულები ფიქსირდება.
როგორ ვუმკურნალოთ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს და როგორ ვმართოთ ის
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, როგორც წესი, პუბერტატის (გარდატეხის) ასაკიდან ვითარდება. პაციენტი კი ექიმს ძირითადად დარღვეული მენსტრუალური ციკლის ან ჭარბთმიანობის ჩივილებით მიმართავს ხოლმე. დაავადება სრულად განკურნებადი არ არის, თუმცა მისი მართვა სრულად და ეფექტიანადაა შესაძლებელი მედიკამენტოზურად, რომელსაც რეპროარტში თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ვურჩევთ.
მკურნალობისას მნიშვნელოვანია სხეულის მასის კორექციაც, რადგან წონის კლება ინსულინისა და ანდროგენების დონეს ამცირებს, რამაც, შესაძლოა, რეგულარული ოვულაცია (ფოლიკულის მომწიფება, გაზრდა და გასკდომა) აღადგინოს. ამ პროცესში აუცილებელია პაციენტმა მაქსიმალურად შეზღუდოს ნახშირწყლებიც, რითაც ინსულინის გამომუშავებასაც შეამცირებს. PCOS-ის მკურნალობაზე დადებითად აისახება აქტიური ცხოვრების წესი, რადგან რეგულარული ვარჯიშით სისხლში გლუკოზის დონე და ინსულინორეზისტენტობა იკლებს.
რატომ იწვევს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი უნაყოფობას
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის ანოვულაციური ციკლებია დამახასიათებელი. ამ დროს კი ფოლიკულის ზრდა, ლიდერი ფოლიკულის ჩამოყალიბება და ოვულაცია არ ხდება. შესაბამისად, კვერცხუჯრედი საშვილოსნოს მილში ვერ აღწევს და პაციენტს ანოვულაცია უვითარდება, რომელიც უნაყოფობის ერთ-ერთი გამომწვევია.
ანოვულაციის მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით ხდება: კლომიფენ ციტრატით, ლეტროზოლითა და მეტფორმინით, რომლებიც ინსულინორეზისტენტობის დროს საკვერცხეების სტიმულაციის მედიკამენტებთან კომბინაციაში გამოიყენება და, ასევე, გონადოტროპინებით, რომლებიც საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციისთვისაა განკუთვნილი.
ამას გარდა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით გამოწვეული უნაყოფობისას, ორსულობის დადგომის მიზნით, თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა წარმატებით იყენებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებს. რეპროარტში არაერთმა პაციენტმა, რომელსაც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და მისგან გამოწვეული უნაყოფობა აწუხებდა, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციითა და იინ ვიტრო განაყოფიერებით შეძლო შვილის გაჩენა.