რა უნდა იცოდეთ სპერმოგრამის ჩატარებამდე

ლაბორატორიული ანალიზების დიდი ნაწილის ჩასატარებლად პაციენტებისთვის წინასწარ გარკვეული წესების დაცვაა ხოლმე რეკომენდებული. თუმცა, ხშირად მათ მცდარი ინტერპრეტაცია ეძლევა და შემდეგ საზოგადოებაშიც ასე ვრცელდება.

ერთ-ერთი ანალიზი, რომლის ირგვლივაც არაერთ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეხვდებით, სპერმოგრამაა. პაციენტებს მისი ჩატარება არცთუ იშვიათად უწევთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავრცელებულ არასწორ რეკომენდაციებთან ერთად, ის საერთაშორისო სტანდარტებიც გაგაცნოთ, რომლებიც თანამედროვე რეპროდუქციულ მედიცინაში სპერმოგრამის შესახებ არსებობს. 

რა არის სპერმოგრამა და რას განსაზღვრავს მისი ანალიზი

მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპია სპერმის ანალიზის (სპერმოგრამის) გაკეთება. სპერმოგრამა განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით, თითოეული პარამეტრის ნორმა დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ.

ეს პარამეტრებია:

  • ეაკულატის მოცულობა

ეაკულატი სპერმალური სითხეა და ორსულობის მისაღებად, მასში კაცის სასქესო უჯრედები — სპერმატოზოიდები უნდა იყოს. ეაკულატის მოცულობის ნორმალური მაჩვენებელი ≥1,5 მილილიტრია.

  • სპერმის აგლუტინაცია

ეაკულატში სპერმატოზოიდები თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთმანეთთან დიდი რაოდენობით სპერმატოზოიდებია შეწებებული. ამ პროცესს სპერმის აგლუტინაცია ეწოდება. საქმე იმაშია, რომ შეწებებული სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედამდე მისვლასა და მის განაყოფიერებას ვერ ახერხებენ, ამიტომ სპერმის აგლუტინაცია მამაკაცის უშვილობის გამომწვევი შეიძლება იყოს.

  • სპერმის სიბლანტე

რაც უფრო ბლანტია სპერმალური სითხე, სპერმატოზოიდებს მით უფრო უჭირთ მოძრაობა. ახლად აღებული ეაკულატი საკმაოდ ბლანტია. მისი გათხელება (გაჯირჯვება) დაახლოებით 30-60 წუთში უნდა მოხდეს. თუ ეაკულატი ბლანტი დარჩა, სპერმატოზოიდებს  გადაადგილება გაუჭირდებათ და მათი მოძრაობა შენელებული იქნება.

  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია

ამ კომპონენტით ისაზღვრება 1 მილილიტრ ეაკულატში სპერმატოზოიდების რაოდენობა. ნორმალური მაჩვენებელი 1 მილილიტრ ეაკულატში არის ≥ 15 მილიონი სპერმატოზოიდი.

  • სპერმატოზოიდების მოძრაობა

სპერმოგრამა ეაკულატში არსებული მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობას ადგენს. ამ შემთხვევაში მოძრავი სპერმატოზოიდების ნორმალურ მაჩვენებლად საერთო რაოდენობის 40% და მეტია მიჩნეული.

  • სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მთელს ეაკულატში

სპერმოგრამის დროს ასევე ისაზღვრება სპერმატოზოიდების რაოდენობა მთელს ეაკულატში. ამისათვის საჭიროა ეაკულატის მოცულობა გამრავლდეს 1 მილილიტრ ეაკულატში არსებული სპერმატოზოიდების კონცენტრაციაზე. მისი ნორმა არის – ≥ 39 მილიონი სპერმატოზოიდი.

  • აქტიური მოძრაობა

ეს კონკრეტული პარამეტრი იმ სპერმატოზოიდების რაოდენობას საზღვრავს, რომლებიც წინ, პროგრესულად მოძრაობენ. მათი ნორმალური მაჩვენებელი კი ≥32%-ია.

  • მორფოლოგია

სპერმატოზოიდების სტრუქტურული აგებულებისა და მათი მორფოლოგიის დასადგენად, რეპროარტში კრუგერის მეთოდს ვიყენებთ. იგი ნორმალური (უდეფექტო) სპერმატოზოიდების რაოდენობას განსაზღვრავს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერებისთვის მათ თავის, ყელისა თუ კუდის პათოლოგია არ ჰქონდეთ. ამ კომპონენტის ნორმალური მაჩვენებელი ≥4%-ია (ითვლება ყოველ 100 ცალ სპერმატოზოიდში).

  • ერითროციტები და ლეიკოციტები ეაკულატში

ლეიკოციტოზი სპერმაში, იგივე პიოსპერმია, შეიძლება, სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული და მიმდინარე ანთებით პროცესს მიანიშნებდეს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს განაყოფიერებას.

ერითროციტების არსებობას ეაკულატში, ასევე სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. მაგალითად, ანთებითი პროცესი, ტრავმა და სხვა. ერითროციტების სიჭარბე მიანიშნებს სისხლის არსებობას ეაკულატში. ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ მამაკაცმა უროლოგს მიმართოს, რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა დაავადებებით, მაგალითად: თირკმლის დაავადებებით, პროსტატის პრობლემებით, და/ან ონკოლოგიური დაავადებით.

როგორც ერითროციტის, ისე ლეიკოციტის დადგენილ ნორმას ეაკულატში 0-2 (ცალი) მხ/არე წარმოადგენს.

  • ეაკულატის PH

PH ნორმალური მაჩვენებელი 7.2-7.8-ია. შესაძლოა, მისი მატება ინფექციას მიანიშნებდეს, კლება კი ასოცირებული იყოს სპერმსავალი გზების ბლოკირებასთან და უნაყოფობას იწვევდეს.

მცდარი და ნამდვილი ფაქტები სპერმოგრამის შესახებ

სპეროგრამის თითოეული კომპონენტის სწორად განსაზღვრისთვის, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ

მცდარია: რაც უფრო ბევრია სქესობრივი თავშეკავების დღეები, ანალიზის შედეგი უფრო სწორია.

სინამდვილეში, თავშეკავების ოპტიმალური ვადა 2-3 დღეა. სპერმის მაჩვენებლების ყველაზე ზუსტი და ობიექტური შეფასება სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი. კვლევები ადასტურებს, რომ თავშეკავების დღეების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, სპერმის პარამეტრები შეიცვალოს. მაგალითად, გაიზარდოს ეაკულატის მოცულობა და სპერმის კონცენტრაცია, მაგრამ, ამავდროულად, დაიკლოს სპერმატოზოიდების მოძრაობამ, აქტიურმა მოძრაობამ და მორფოლოგიამ. ხანგრძლივი თვშეკავების შედეგად შესაძლებელია სპერმატოზოიდების დნმ დაზიანდეს.

მცდარია: ხშირი ეაკულაცია სპერმის ანალიზის შედეგზე დადებითად მოქმედებს.

ხშირი ეაკულაცია ეაკულატის მოცულობასა და სპერმის კონცენტრაციას ამცირებს, ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმჯობესია, პაციენტებმა სპერმოგრამის ჩატარებამდე 2-3-დღიანი თავშეკავება დაიცვან.

მცდარია: რაც უფრო მეტი მონაცემია სპერმის ანალიზის ბლანკში, მით უფრო სრულყოფილია ანალიზი.

ანალიზის ბლანკში შესაძლოა, მართლაც შეგხვდეთ ისეთი მონაცემები, როგორებიცაა მაგალითად სუნი, ფერი და ა.შ. თუმცა, სინამდვილეში ეს მონაცემები ანალიზის სრულყოფილებას არ განსაზღვრავენ.

საქმე იმაშია, რომ სუნსა და ფერს მნიშვნელობა იმ პერიოდში ჰქონდა, როდესაც ოპტიკური ტექნოლოგიები მაღალგანვითარებული არ იყო, ეაკულატში კი მკაფიოდ არ ჩანდა სისხლის უჯრედები ან ლეიკოციტები, რომლებიც ანთებით პროცესზე ან სხვა დარღვევებზე მიანიშნებდნენ. შესაბამისად, ლეიკოციტების არსებობას სწორედ სუნითა და ფერით განსაზღვრავდნენ. დღეს სულ სხვა რეალობაა. უახლეს ტექნოლოგიებს ანთებითი პროცესის აღმოსაჩენად სუნის და ფერის განსაზღვრა არ სჭირდება.

მცდარია: ცოცხალი და მკვდარი სპერმატოზოიდები

უძრავი სპერმა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მკვდარია, რადგან უძრავ მდგომარეობაში ცოცხალი სპერმატოზოიდიც შეიძლება იყოს. მკვდარია თუ არა სპერმატოზოიდი, სპერმის სიცოცხლისუნარიანობის ტესტით დგინდება. შესაბამისად, მართებული ტერმინი მოძრავი და უძრავი სპერმატოზოიდებია.

მცდარია: თუ სპერმის ანალიზში აღმოჩნდა, რომ ეაკულატში არც ერთი სპერმატოზოიდი არ არის, მამაკაცს ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი არ აქვს.

სინამდვილეში ეს მხოლოდ აზოოსპერმიაა და პაციენტის უფრო ღრმა კვლევებს (ჰორმონალური პროფილის გამოკლვევას, სათესლე ჯირკვების ექოსკოპიურ კვლევას) საჭიროებს. თუ კვლევების შედეგები საშუალებას გვაძლევს და პროგნოზიც საიმედოა, სპერმატოზოიდის ასპირაცია სათესლე ჯირკვლიდან ან სათესლე დანამატიდან ქირურგიული ოპერაციის გზით არის შესაძლებელი.

სპერმის ასპირაციით მიღებული სპერმატოზოიდები გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში და წყვილს ეძლევა შესაძლებლობა ჯანმრთელი ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.

რეპროარტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში სპერმოგრამის ჩატრება თქვენი ნაყოფიერების შესახებ უზუსტეს სურათს მოგცემთ.

About Us

Luckily friends do ashamed to do suppose. Tried meant mr smile so. Exquisite behaviour as to middleton perfectly. Chicken no wishing waiting am. Say concerns dwelling graceful.

Services

Most Recent Posts

Company Info

She wholly fat who window extent either formal. Removing welcomed.

შემოგვიერთდით

© 2023 რეპროარტი