საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაციისას საშვილოსნოს ღრუში ლაბორატორიულად დამუშავებული სპერმა შეჰყავთ.
რა შემთხვევაშია უმჯობესი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროცედურის ჩატარება, როგორ ირჩევა მისთვის საუკეთესო დრო და შესაძლებელია თუ არა ამ დროის ოვულაციის ტესტებით განსაზღვრა – ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ ამ საკითხებზე გიამბობთ.
როგორ სჯობს პროცედურის ჩატარება – ნატურალურ ციკლში თუ მედიკამენტოზური სტიმულაციით
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ქალებს როგორც ნატურალურ ციკლში, ისე მედიკამენტოზური სტიმულაციით უტარდებათ. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ნატურალურ ციკლში ფოლიკული შესაძლოა, საერთოდ ან გაიზარდოს, ან მხოლოდ გარკვეულ ზომას მიაღწიოს და შემდეგ რეტენცია განიცადოს, ანუ შეიჭმუხნოს. სწორედ ამიტომ, პროცედურის მაქსიმალური შედეგისთვის, უმჯობესია, იგი საკვერცხეების კონტროლირებადი, მედიკამენტოზური სტიმულაციით ჩატარდეს, რათა ფოლიკული საჭირო ზომამდე გაიზარდოს და ოვულაცია დადგეს, ანუ ფოლიკული გასკდეს.
რასაკვირველია, მედიკამენტები პაციენტისთვის მაქსიმალური სიფრთხილით, ინდივიდუალურად ირჩევა, რათა ბევრი ფოლიკული არ მომწიფდეს და საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი არ განვითარდეს, რამაც შესაძლოა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საშვილსნოსშიდა ინსემინაციის პროცედურის ჩასატარებლად საშვილოსნოს მილები უნდა იყოს გამტარი, რათა დამუშავებული სპერმატოზოიდებისთვის დაბრკოლება არ შეიქმნას.
რატომ არის ოვულაცია ინსემინაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი
ქალები ლიმიტირებული კვერცხუჯრედების რაოდენობით იბადებიან. დაბადების მომენტში ორივე საკვერცხე 1,5-2 მლნ კვერცხუჯრედს შეიცავს, გარდატეხის ასაკის დადგომისას კი ეს რიცხვი 400 000-მდე მცირდება. ზოგადად, ფოლიკული ან ცარიელია, ან მასში 1 კვერცხუჯრედია.
ოვულაციის მექანიზმის გასაგებად მენსტრუალური ციკლის ბიოქიმიურ ასპექტში განხილვა დაგვჭირდება. შესაძლოა, ბლოგპოსტის ეს ნაწილი რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა სხვაგვარად ინფორმაციის სიზუსტის დაცვა გაგვიჭირდება.
ჰორმონების სეკრეცია ჰიპოთალამუსში იწყება. სწორედ აქ გამომუშავდება გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზში ფოლიკულმასტიმულირებელი (FSH) და მალუთინეიზირებელი (LH) ჰორმონების სეკრეციას განაპირობებს.
ზოგადად, საკვერცხის ფოლიკულას ორი ტიპის — თეკა და გრანულარული უჯრედები აქვს, რომლებიც პროგესტერონსა და ანდროსტენდიონს წარმოიქმნიან. არომატიზაციის შედეგად კი, ანდროსტენდიონი ესტრადიოლად გარდაიქმნება. FSH-ის მატებასთან ერთად, ფოლიკულიც იზრდება და სისხლში ესტრადიოლის დონეზეც, რომელიც უკუკავშირის მექანიზმით FSH-ის ამცირებს, ხოლო LH-ის დონეს ზრდის.
ესტრადიოლის კრიტიკული დონე LH-ის პიკის განვითარებას იწვევს, რაც ოვულაციისთვის მნიშვნელოვანი და წამყვანი ფაქტორია. ეს პიკი განაპირობებს ფოლიკულის იმ გრანულაციური უჯრედების გაფხვიერებასაც, რომელთა გარემოცვაშიც კვერცხუჯრედი მდებარეობს, შემდეგ კი – კვერცხუჯრედის საბოლოო მომწიფებასა და ოვულაციას, ანუ ფოლიკულის გასკდომას, რომელსაც კვერცხუჯრედის გადმოსვლა მოჰყვება. შემდეგ კვერცხუჯრედი მილში ხვდება, სადაც განაყოფიერება ხდება. ენდოგენური LH-ის პიკი 36 საათს გრძელდება, ოვულაცია კი პიკიდან 24-36 საათის შემდეგ დგება. ენდოგენური LH-ის ნახევრად დაშლის პერიოდი 6 საათია.
სტიმულირებად ციკლში ფოლიკულების სტიმულაცია ანტიესტროგენული მედიკამენტებით ტარდება, რის ფონზეც ესტრადიოლის დონე სისხლში შემცირებულია. შედეგად, ეს პროცესი LH-ის დაბალ დონესა და ანოვულაციას იწვევს. LH-ის პიკისთვის ადამიანის ქორიოგონალური გონადოტროპინი (hCG) გამოიყენება, რომლის ბეტა სუბერთეული ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (hLH) მსგავსია. hCG და LH ერთსა და იმავე რეცეპტორს ებმის და სწორედ ეს იწვევს ოვულაციას, თუმცა ენდოგენური LH-ის პიკის ან hCG-ით საოვულაციო ტრიგერის გამოწვევის მიუხედავად, იგი შეიძლება ყოველთვის არ მოხდეს.
როდის არის საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისთვის საუკეთესო დრო
კვერცხუჯრედი ოვულაციიდან განაყოფიერების უნარიანი 24 საათის განმავლობაშია, სპერმა კი საშვილოსნოს ღრუში ამ უნარს 72 საათით ინარჩუნებს. სავარაუდოდ, ოვულაცია საოვულაციო მედიკამენტის ინექციიდან 36-48 საათის შემდეგ დგება, თუმცა მისი ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მით უმეტეს ტესტით. სწორედ ამიტომ, პროცედურა საოვულაციო ინექციიდან საშუალოდ მე-40 საათზე ტარდება.
დადგა თუ არა ოვულაცია, მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით შეიძლება გახდეს ცნობილი, თუმცა ზოგჯერ პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ფოლიკულის გასკდომის განსაზღვრისთვის ოვულაციის ტესტიც საკმარისია, რაც მცდარი წარმოდგენაა.
ამგვარი ტესტი მართლაც ფართოდ გამოიყენება, თუმცა ის მხოლოდ სავარაუდო პასუხს იძლევა. ტესტი შარდში LH-ის საოვულაციო კონცენტრაციას განსაზღვრავს და ორსულობის ტესტის მსგავსად, ორი წითელი ხაზი მიუთითებს, რომ ოვულაცია 24 საათში უნდა დადგეს, მაგრამ ეს პასუხი ფოლიკულის მექანიკურ გასკდომას არ აჩვენებს. უფრო მეტიც: საოვულაციო ტესტის გაკეთებას საოვულაციო ტრიგერის მედიკამენტის დანიშვნის შემდეგაც არ აქვს აზრი. საქმე იმაშია, რომ მედიკამენტით LH-ის პიკი კი არ ხდება, არამედ მასში შემავალი ნივთიერება hCG და ნატურალური ციკლის ოვულაციის გამომწვევი ჰორმონი LH ერთსა და იმავე რეცეპტორს ებმის. საოვულაციო ტესტის პასუხი კი, როგორც აღვნიშნეთ, სისხლში LH -ის საოვულაციო დონეს ეფუძნება. შესაბამისად, მედიკამენტროზური სტიმულაციისას ოვულაციის ტესტით ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია.
რაც შეეხება ფიზიოლოგიურ ციკლს, გირჩევთ საოვულაციო ტესტი გაიკეთოთ მენსტრუალური ციკლის მე-9 დღიდან, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ოღონდ არა დილის შარდში. პირველი ორი ხაზის გამოჩენის შემდგეგ საოვულაციო ტესტის გამოყენებას აზრი აღარ აქვს, რადგან იგი რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავაც პოზიტიური იქნება.
გაითვალისწინეთ, რომ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის არაეფექტურობის შემთხვევაში, რეპროარტის რეპროდუქტოლოგების მიერ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობაა რეკომენდებული.