ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადად ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) პრევენციაზე, დროულ აღმოჩენასა და სწორ მკურნალობაზე. რაც მთავარია, ისინი ზოგჯერ არა მარტო ზრდის სხვა დაავადებების რისკს, არამედ უნაყოფობასაც იწვევს. ჩვენს ბლოგში სწორედ მათზე გიამბობთ და იმ ინფორმაციასაც გაცნობთ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
რომელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
სქესობრივად გადამდებია ნებისმიერი დაავადება, რომელიც სქესობრივი კონტაქტისას სპერმის, ვაგინალური გამონადენის ან სისხლით გადაეცემა. მათ შორისაა შიდსი, ქლამიდია, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური მეჭეჭები, გონორეა, სიფილისი, სოკოვანი ინფექცია და ჰეპატიტის ზოგიერთი ფორმა.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) საკმაოდ გავრცელებულია: ყოველწლიურად მისი ერთ-ერთი ფორმით 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება, 1 მილიონზე მეტი კი რომელიმე ინფექციას ყოველდღიურად იძენს. 530 მილიონს აჭარბებს იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც გენიტალიური ჰერპესის გამომწვევი ვირუსი (HSV2) აქვთ, ხოლო პაპილომავირუსული ინფექცია (HPV) 290 მილიონ ქალზე მეტს აღენიშნება.
ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ორსულები და ასევე ისინი, ვისაც რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორც უნაყოფობის მიზეზი
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად ქალის უნაყოფობასაც იწვევს. აღსანიშნავია, რომ ქალის უნაყოფობის 15 % მათი დაგვიანებული დიაგნოსტიკით, მკურნალობითა და თანმხლები გართულებებითაა გამოწვეული.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომებია:
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიდი ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ და მათი აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმს ოპერატიულად მიმართოთ.
სიმპტომები ქალებში:
- ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;
- წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;
- ტკივილი მუცლის ქვემო არეში;
- უჩვეულო გამონადენი საშოდან, ან უსიამოვნო სუნი;
- ცხელება და ა.შ.
სიმპტომები მამაკაცებში:
- ტკივილი ან წვა მოშარდვისას;
- ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;
- წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.
თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, მაშინ:
- არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, რადგან ის ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართეთ ექიმს, ჩაიტარეთ კვლევები და დროულად დაიწყეთ მის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. გახსოვდეთ, რომ ამ დაავადებების უმეტესობა სწრაფ და სწორ მკურნალობას მარტივად ემორჩილება.
- მიიყვანეთ კურსი ბოლომდე და მისი დასრულების შემდეგ ექიმს განმეორებით მიმართეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ საბოლოოდ განიკურნეთ და დამატებითი მკურნალობა აღარ გჭირდებათ.
- ინფექცია რომ არ გაავრცელოთ, თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან, სანამ მკურნალობა არ დასრულდება და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. სხვა შემთხვევაში, ინფექციას მეუღლესაც/პარტნიორსაც გადასცემთ და შემდეგ მისგან კვლავ დაინფიცირდებით. თუ სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდებას ვერ შეძლებთ, პრეზერვატივი გამოიყენეთ.
- გახსოვდეთ, რომ ექიმს უნდა მიმართოს თქვენმა მეუღლე/პარტნიორმა, რადგან თუ მხოლოდ თქვენ იმკურნალებთ, შესაძლოა, მისგან კვლავ დაინფიცირდეთ.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გართულების პრევენცია
სგგდ- ის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ინფექციის გავრცელებასა და გართულებების რისკს ამცირებს, თუმცა რადგანაც ისინი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პრევენციის საუკეთესო გზა რუტინული დიაგნოსტიკური კვლევებია.
მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სადიაგნოსტიკო კვლევები რეკომენდებულია ქალებში, კაცებში. იმ შემთხვევაში კი, თუ წყვილი ორსულობას გეგმავს, ამგვარი კვლევების ჩატარება აუცილებელია, რადგან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები სწორედ ორსულობის დროს მწვავდება, მათი მკურნალობა კი რთულდება, რადგან ბევრ მედიკამენტს ორსულებისთვის უკუჩვენებები აქვს. ამავდროულად, შესაძლებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დედიდან ნაყოფს ან მშობიარობისას ბავშვს გადაეცეს, რამაც ახალშობილებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვლევა უნაყოფობის მკურნალობის ნაწილიცაა, რადგან მათი გამოვლენა და მკურნალობა არა მარტო აღმოფხვრის ინფექციას, როგორც უნაყოფობის მიზეზს, არამედ ხელს უწყობს სასურველი ორსულობის მიღებას და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას.
გახსოვდეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ. რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი კი ახალგაზრდა წყვილებსა თუ ორსულობის დაგეგმვის მსურველებს მათი სადიაგნოსტიკო კვლევების სრულ სპექტრსა და ინდივიდუალურ მკურნალობას გთავაზობთ.