უნაყოფობის მკურნალობა თუ ორსულობის დაგეგმვა შესაბამისი ანალიზების ჩატარების გარეშე წარმოუდგენელია. რეპროდუქციული მედიცინის თანამედროვე სტანდარტები, დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის შესაბამისი სტრატეგიის დასაგეგმად, ანალიზების ფართო სპექტრს აწესებს და მცდარია შეხედულება, რომელიც ამ სპექტრიდან რომელიმე კვლევის ჩატარებას არასაჭიროდ მიიჩნევს.
რატომ არის ანალიზები მნიშვნელოვანი
კვლევების მიზანი ზოგადად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს — ყველა მათგანი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს სწორი დიაგნოზი, პაციენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს, დადგეს ორსულობა, სწორად წარიმართოს ის და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს. უფრო კონკრეტულად კი თითოეული ანალიზის მნიშვნელობა სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მაგალითად:
- უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ კვლევების ერთობლიობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ექიმმა პაციენტის პრობლემა სწორად შეაფასოს და მკურნალობის შესაბამისი სტრატეგია დასახოს. განსაზღვროს, რა სჭირდება წყვილს: ორსულობის ნატურალურ ციკლში დაგეგმვა, საკვრცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება თუ სხვა.
- პაციენტის საერთო ენდოკრინული ფონის შეფასების გარეშე, წარმატებული შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მაგალითად, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მდგომარეობა სტაბილური არ არის, ან მისი ჯანსაღი ფუნქციონირება ექოსკოპიური კვლევით დადასტურებელი არაა, ორსულობის მიღება რთულდება. შეიძლება, ორსულობა დადგეს კიდეც, მაგრამ ნაადრევად შეწყდეს, ან ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადოს.
- მედიკამენტები, რომლებიც უნაყოფობის დროს ინიშნება, საკმაოდ რთული პრეპარატებია, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის ჰორმონალური კვლევა აუცილებელია. შესაბამისი ანალიზების გარეშე, ამ მედიკამენტების მიღებამ ქალის ჯანმრთელობას უდიდესი ზიანი შეიძლება მიაყენოს.
- პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, რატომ კეთდება ინფექციური დაავადებების — ჰეპატიტების, სიფილისისა და შიდსის ანალიზები. საქმე იმაშია, რომ ამ კვლევის გამოტოვებამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე, მაგალითად, რომელიმე პარტნიორის ან ბავშვის დაინფიცირებამდე მიგვიყვანოს.
- სტანდარტული კვლევების გარდა, ზოგჯერ დამატებითი ანალიზებიც ხდება საჭირო. საქმე იმაშია, რომ რეპროარტის ექიმ-რეპროდუქტოლოგი პაციენტს ჩამონათვალს ინდივიდუალურად ურჩევს და ამ პროცესში მისი და ოჯახის ანამნეზით ხელმძღვანელობს. ამ ანამნეზის საფუძველზე, შესაძლოა, მაგალითად გენეტიკურად განპირობებულ თრომბოფილიებზე ან ონკოლოგიურ რისკებზე კვლევების ჩატარებაც გახდეს საჭირო. ეს ერთადერთი გზაა, რათა ექიმმა წინასწარ შეძლოს იმ გართულებების პრევენცია, რომლებიც თეორიულად არსებობს და რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
- კვლევები სჭირდებათ მამაკაცებსაც. უნაყოფობის მკურნალობისას მხოლოდ ქალზე აქცენტის გაკეთება არასწორია, რადგან ეს პრობლემა შეიძლება კაცის ფაქტორითაც იყოს გამოწვეული. შესაბამისად, ანალიზები მამაკაცებსაც უტარდებათ და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის დაგეგმვა მხოლოდ ამ კვლევების შედეგების საფუძველზე ხდება.
- ცხადია, პაციენტს, შეუძლია ადრე ჩატარებული კვლევების წარმოდგენაც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ანალიზს საკუთარი ხანდაზმულობის ვადა აქვს და შესაძლოა, მათი ხელახალი ჩატარება გახდეს საჭირო.