ნათია მეტრეველს „რეპროარტში“ მომსვლელთა დიდი ნაწილი კარგად იცნობს. იგი პაციენტის პირადი მენეჯერია და 2017 წლიდან არაერთი წყვილის უნაყოფობის მკურნალობაში მონაწილეობს. უდიდეს ყურადღებას, ზრუნვასა და დახმარებისთვის მუდმივ მზადყოფნას, რომელსაც ნათია იჩენს, სასურველი შედეგის — ორსულობის მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
ნათიას ყველაზე კარგად შეუძლია იმ წყვილების განცდების გაგება, რომლებსაც უნაყოფობა აწუხებთ. ის და მისი მეუღლეც წლების მანძილზე ამ პრობლემის წინაშე იდგენენ. სულ ახლახან კი მათი ისტორია ბედნიერი ფინალით – პატარა პელაგიას დაბადებით დასრულდა.
„სულ მემახსოვრება დღე, როცა დაორსულების შესახებ შევიტყვე, ემოციებით ვიყავი სავსე. უკვე ვიცი, რომ თუ პროფესიონალი გუნდის ხელში ხარ, ყველაფერი გამოვა. ჩემი შედეგი სწორედ პირადი ექიმის, თეა ჩარკვიანისა და ემბრიოლოგების — თემიკო ჟორჟოლაძისა და ნინო კუჭუხიძის პროფესიონალიზმისა და თანამედროვე მიდგომების დამსახურებაა “, – ამბობს ნათია.
ნათიას შემთხვევაში ორსულობა ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის მეორე მცდელობაზე დადგა. რა თქმა უნდა, როცა პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, სხვა პაციენტების მსგავსად, ისიც იმედგაცრუებული იყო. იმასაც ფიქრობდა, რომ რაღაც სწორად არ გააკეთა, დანიშნულება და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, თუმცა ახლა უკვე იცის, რომ სინამდვილეში ძალისხმევა არც მას დაუკლია და არც — ექიმებს. უბრალოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა პირველივე მცდელობაზე 100%-იან დაორსულებას არ ნიშნავს, მაგრამ როცა საბოლოო მიზანს აღწევ, ყველა წარუმატებლობა გავიწყდება.
ორსულობის 9-თვიანი პერიოდი „რეპროარტის“ თანამშრომლებმა ნათიასთან ერთად გაიარეს. ყველა გულშემატკივრობდა. განსაკუთრებულ თანადგომას გრძნობდა პაციენტებისგანაც, რაც გამორჩეულად ამხნევებდა. „მკურნალობის დროს ფსიქოლოგიური და ემოციური თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვის გარეშე, არაფერი გამოვა. წლების განმავლობაში იმ ამბით, რომ ერთ-ერთი პაციენტი ვიყავი, ბევრი წყვილისთვის მიმიცია ძალა, მიჩვენებია, რომ მარტო არ არიან და ყველაფერი გამოუვათ. სანაცვლოდ, მეც ბევრჯერ მიმიღია მხარდაჭერა. ახლა, გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად მესმის, რამდენად სჭირდება პაციენტს გვერდით დგომა სასურველი შედეგის მიღწევისთვის“, – აღნიშნავს ნათია და ფიქრობს, რომ ურთიერთმხარდაჭერის გარდა, აუცილებელია, წყვილმა უშვილობა არა რომელიმე პარტნიორის, არამედ ორივეს პრობლემად აღიქვას და მიზნისკენ ერთად იაროს.
ნათია წყვილებს რეპროდუქციულ კლინიკაში დროულ ვიზიტსაც ურჩევს. ამბობს, რომ ხშირად ქალები წლების განმავლობაში მკურნალობენ, მათ პარტნიორებს კი სპერმოგრამაც არ აქვთ გაკეთებული, ემოციური, ფინანსური და დროის რესურსი კი ფუჭად იკარგება. „როგორც ქალი, ყველა ქალს, ვინც უშვილობას ებრძვის, ვურჩევ, დროის დაკარგვის ნაცვლად, იგი ნაყოფიერად გამოიყენოს და ექიმს დროულად მიმართოს. საჭიროა, რომ საზოგადოებაში ამ საკითხზე ცნობიერების დონე ამაღლდეს და მიხარია, რომ „რეპროარტში“ პაციენტებისთვის საგანმანათლებლო სემინარებს სხვადასხვა რეპროდუქციულ საკითხზე ხშირად ვაწყობთ.“, – აღნიშნავს ნათია.
პელაგია უკვე 2 თვისაა. ნათია კი დღემდე მილოცვის უამრავ წერილს იღებს. ამბობს, რომ დეკრეტული შვებულებიდან გასვლის შემდეგ პაციენტებთან კიდევ უფრო მეტი მოტივაციით იმუშავებს და წყვილებს უკვე წარმატების საკუთარ ისტორიასაც მოუყვება.