10 ხშირად დასმული კითხვა ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტის – PGT-A შესახებ

შეკითხვა N1: რა  არის PGT-A?

PGT-A – არის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი, რომელიც ავლენს ემბრიონის რაოდენობრივ ქრომოსომულ ანომალიებს (ანეუპლოიდიებს), იმისთვის, რომ საშვილოსნოში გადატანილი იყოს სწორი ქრომოსომული ნაკრების (ეუპლოიდური) ემბრიონები.

შეკითხვა N2: ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის რა ეტაპზე კეთდება PGT-A?

PGT – A ტესტი, ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე კეთდება.

შეკითხვა N3: როდის და ვისთვის არის რეკომენდებული PGT-A ტესტის გაკეთება?

PGT-A კვლევა რეკომენდებულია (ქალის ასაკი 35 +) მათთვის, ვისაც ანამნეზში აქვს ორსულობის შეწყვეტა, რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების მცდელობა, ან გაურკვევლი გენეზის უნაყოფობის დიაგნოზი.

შეკითხვა N4: რამდენად ზრდის ორსულობის შანსს?

ქალის საშვილოსნოში, გენეტიკურად გამოკვლეული, სწორი ქრომოსომული ნაკრების მქონე ემბრიონის გადატანა საგრძნობლად ზრდის დაორსულების შანსს. მაგალითისთვის, თუ ქალის ასაკი არის 40 წელი, PGT-A ტესტის გაკეთების გარეშე ორსულობის მიღების შანსი არის 5%, ხოლო თუ PGT-A ტესტი გაკეთდება და შემდეგ მოხდება გადატანა, დაორსულების შანსი 50% – მდე იზრდება.

შეკითხვა N5: უსაფრთხოა თუ არა ემბრიონისთვის და როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთული ნაწილი – ემბრიონის ბიოფსიაა, რომელსაც სპეციალური, მაღალტექნოლოგიური ლაზერის აპარატურა და მაღალკვალიფიციური პერსონალი ესაჭიროება. ემბრიონის განვითარების მესამე დღეს, ლაზერით ემბრიონის გარსის მცირე მონაკვეთის დარღვევა ხდება. მეხუთე ან მეექვსე დღეს კი, როდესაც იგი ბლასტოცისტის სტადიას მიაღწევს, დარღვეული გარსიდან ტროფექტოდერმის უჯრედების ბიოფსია კეთდება. ტროფექტოდერმა ბლასტოცისტის ის ნაწილია, რომლისგანაც შემდგომში პლაცენტა ვითარდება. ბიოფსიის პროცესი დამოკიდებულია ემბრიოლოგის კვალიფიკაციაზე და რეპროარტში ისე მიმდინარეობს, რომ ემბრიონი არ ზიანდება და განვითარებას ჩვეულებრივ განაგრძობს. მიღებული ბიოფსირებული მასალით დიაგნოსტიკა, ჩვენს გენეტიკურ ლაბორატორია – გენომიქსში ხორციელდება.

შეკითხვა N6: რა პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად PGT-A ტესტის გაკეთების შემდეგ?

ეუპლოიდია არის პასუხი, რომელიც ნიშნავს, რომ ემბრიონს აქვს ნომალური რაოდენობის ქრომოსომები და ყველა ქრომოსომა არის დაზიანების გარეშე.

თუმცა, დაბალი ხარისხის და სეგმენტალური მოზაიციზმიც დამაკმაყოფილებელ შედეგად ითვლება. ასე რომ, გენეტიკოსთან და რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, საშვილოსნოში ასეთი ემბრიონების გადატანაც შესაძლებელია.

შეკითხვა N7: რა დრო სჭირდება ანალიზის გაკეთებას?

როდესაც, ემბრიონის ბიოპტატი მოხვდება გენეტიკის ლაბორატორიაში პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ კვლევას  2 სამუშაო დღე სჭირდება.

შეკითხვა N8: რა რისკები არსებობს ამ კვლევის ჩატარებისას?

ემბრიონის ბიოფსია უნდა შეასრულოს ძალიან გამოცდილმა ემბრიოლოგმა. მან ემბრიონებიდან უნდა ამოიღოს ის მინიმალური რაოდენობის (3-5) უჯრედი, რაც ემბრიონების შემდგომ განვითრებას საფრთხეს არ შეუქმნის.  ასევე რისკია ის, რომ შეიძლება ბიოპტატში არ იყოს საკმარისი დნმ და ვერ მოხდეს ემბრიონის დიაგნოსტირება. ასევე, რისკია ტრანსპორტირებისას ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, რის გამოც შესაძლოა ბიოპტატის გაანალიზება არ მოხდეს სწორად. ამიტომ ჩვენი ლაბორატორია, რომელიც აქვე, თბილისშია, ძალიან დიდი დახმარებაა ჩვენთვისაც და პაციენტებისათვისაც.

შეკითხვა N9: შესაძლებელია თუ არა PGT-A ტესტის გაკეთება გაყინულ ემბრიონზე?

დიახ, შესაძლებელია. ამ დროს გაყინული ემბრიონის გამოლღობა ხდება, კეთდება ბიოფსია და შემდეგ ისევ ხელახლა იყინება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ასეთ დროს ემბრიონის დაზიანების რისკი მატულობს.

შეკითხვა N10: რა არის PGT-A ტესტის გაკეთების ყველაზე დიდი უპირატესობა?

PGT-A ტესტის გაკეთების შედეგად, პაციენტისთვის ორსულობის მიღების დრო მცირდება. ასევე, საგრძნობლად მცირდება მიღებული ორსულობის შეწყვეტის რისკი. ამას განაპირობებს ის, რომ კვლევის შედეგად, საშვილოსნოში სწორი ქრომოსომული ნაკრების მქონე ემბრიონი გადადის.

 

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი