რეპროარტისთვის მთავარი პრიორიტეტი პაციენტებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. COVID-19 უკვე პანდემიად გამოცხადდა. ჩვენ ვეცნობით რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებენ. პარალელურად, ბევრი მნიშვნელოვანი შეკითხვა აქვთ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში მყოფ და ასევე, ორსულ პაციენტებს, ამიტომ ყველა მათგანზე პასუხს თავი ჩვენს ბლოგპოსტში მოვუყარეთ.
- თუ გქონდათ კონტაქტი COVID-19–ით დაავადებულ ან შესაძლო დაავადებულ პიროვნებასთან 14 დღით უნდა გადადოთ რეპროარტში ვიზიტი;
- იმ ვიზიტებისთვის, როდესაც არ არის აუცილებელი ფიზიკური გასინჯვა მაგალითად ანალიზების განსახილველად, წამლების გაკეთების ტრენინგისათვის, კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ან ვერბალური (სიტყვიერი) კონსულტაციისთვის შეთავაზებული იქნება ტელემედიცინა, კერძოდ ონლაინ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია;
- კლინიკაში მოსვლისას შეზღუდეთ მომყოლი ადამიანების რაოდენობა, დაშვებულია მხოლოდ ერთი თანმხლები პირი;
- იყავით მზად – თქვენი ვიზიტის დრო შეიძლება შეიცვალოს მოვლენების განვითარების გათვალისწინებით;
- COVID-19-ის პრევენციის მიზნით კლინიკა რეპროარტში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
უნდა შევწყვიტო ან უნდა გადავდო თუ არა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობა ახალი კორონავირუსის გამო?
- თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან გქონდათ კონტაქტი, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის დაწყება უნდა გადადოთ.
- თუ გაქვთ სურდო, ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა ან ხველა, გქონდათ ინფიცირებულ ადამიანთან ან საეჭვო სიმპტომების მქონე სხვა პირთან კონტაქტი 2 მეტრის სიახლოვეს, ან იმოგზაურეთ სხვა ქვეყანაში, თავი შეიკავეთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობისგან გამოჯანმრთელებამდე, ან ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე. თუ წყვილის მკურნალობის პროცესში სუროგატი დედაა ჩართული, თავი შეიკავეთ მასთან კონტაქტისგან. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში კი არ ეკონტაქტოთ ახალშობილსაც, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ჯანმრთელი ხართ.
- თუ დაგეგმილი გქონდათ გაყინული ემბრიონის გადატანა და ბოლო პერიოდში იმყოფებოდით საზღვარგარეთ, ან კონტაქტი გქონდათ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან, ან COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანთან, რეკომენდებულია ემბრიონის გადატანის პროცედურის გადავადება ექიმთან შეთანხმებით.
- მათთვის, ვინც იმყოფებით საკვერცხეების მედიკამენტოზურ სტიმულაციაზე – მკურნალობის პროცესი გრძელდება. ხოლო, დამატებით ინსტრუქციებს რეპროარტის გუნდი პირადად შეგატყობინებთ საჭიროების შემთხვევაში.
ვარ ორსულად, მაქვს თუ არა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი?
ამჟამად არსებული ინფორმაციის შესაბამისად, ორსულებიც იგივე რისკების მატარებლები არიან, როგორც სხვები, ამიტომ მათაც ინფექციის პრევენციის იგივე ზომები უნდა მიიღონ. თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.
დამიდგინდა დადებითი კორონა ვირუსი, ვარ ორსულად, შეიძლება ინფექცია გადაეცეს ნაყოფს?
ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია COVID 19-ის ზეგავლენის შესახებ ნაყოფზე ორსულობის მიმდინარეობისას მწირია.
დღესდღეისობით გვაქვს ფაქტი, რომ მსოფლიოში დაბადებული ბავშვებიდან მხოლოდ ერთ ახალშობილს აღმოაჩნდა COVID-19. დაზუსტებით იმის თქმა, რომ ახალი კორონავირუსის გადაცემა მოხდა ვერტიკალური გზით (ანუ დედიდან-ბავშვზე) დადასტურებული არ არის.
რეკომენდაციები კორონა ვირუსის შესახებ:
- დაიბანეთ ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ალკოჰოლზე დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით;
- დახველების ან დაცემინების დროს მიიფარეთ პირზე ხელსახოცი და დაუყოვნებლივ გადააგდეთ ის; გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმლის სახელო;
- გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ზედაპირებსა და საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებით;
- როგორც ასიმპტომური მდგომარებით, ისე ინკუბაციურ პერიოდში ადამიანი ავრცელებს ვირუსს; ანუ დაავადება გადამდები არის მაშინაც კი როდესაც ადამიანი COVID-19-ის მატარებელია;
- არ შეეხოთ დაუბანელი ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს;
- მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
კლინიკა რეპროარტის გუნდი ხელმძღვანელობს ამერიკის რეპროდუქციული ასოციაციის (ASRM-American Society for Reproductive Medicine) მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, რომელიც მუდმივად ახლდება.
ჩვენ ხაზზე ვართ, ვაკვირდებით და ვსწავლობთ მიმდინარე პროცესებს და მოგაწოდებთ განახლებულ ინფორმაციას ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.
რეპროარტის გუნდი