რა უნდა ოცოდეთ მენსტრუაციული ციკლის დარღვევების შესახებ

მენსტრუაციული ციკლის დარღვევები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მათმა იგნორირებამ  შესაძლოა შემდგომ, ქალის რეპროდუქციულ გეგმებზე იქონიოს გავლენა.  იცით, როდის ითვლება მენსტრუაციული ციკლი ნორმალურად და როდის უნდა მიმართოთ ექიმს? ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ მენსტრუაციული დარღვევების ძირითად ტიპებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო მკურნალობის გზებს. 

როდის შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუაციული ციკლი ნორმალურად?

მენსტრუაციული ციკლი რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. ციკლი იწყება პირველი მენსტრუაციით (მენარქე) 9-16 წლის ასაკში და სრულდება მენოპაუზით, დაახლოებით 45-55 წლის პერიოდში.

ნორმალური მენსტრუაციული ციკლის მახასიათებლებია:

  • ხანგრძლივობა: 21-35 დღე (საშუალოდ 28 დღე);
  • მენსტრუაციის ხანგრძლივობა: 3-7 დღემდე;
  • სისხლოვანი გამონადენის მოცულობა: 35-50 მლ-მდე.

რომელია მენსტრუაციული დარღვევების ძირითადი ტიპები?

რეპროდუქციული ასაკის ქალების დიდ ნაწილში სხვადასხვა ტიპის მენსტრუაციული დარღვევა საკმაოდ ხშირია. ეს დარღვევებია:

1. ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობ

ამენორეა შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. პირველადი ამენორეა პირველი მენსტრუაციული გამონადენის არარსებობაა 16 წლამდე მოზარდებში, როდესაც მეორადი სასქესო ნიშნები განვითარებულია, ან 13 წლამდე მოზარდებში მეორადი სასქესო ნიშნების განვთარების გარეშე. ამ ტიპის დარღვევა უფრო ხშირად გენეტიკურ, ან ანატომიურ პათოლოგიას უკავშირდება. ეორადი ამენორეა კი მენსტრუაციის არარსებობაა 3 თვეზე ხანგრძლივად იმ ქალებში, რომლებსაც მანამდე რეგულარული ციკლი ჰქონდათ, ან 6 თვეზე ხანგრძლივად ქალებში, არარეგულარული მენსტრუაციული გამონადენით.

 2. დისმენორეა მტკივნეული მენსტრუაცია

დისმენორეა გულისხმობს ტკივილს მუცლის ქვედა არეში, რომელიც იწყება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ან მის პირველ დღეებში. მისი დიფერენცირებაც ხდება როგორც პირველადი ან, მეორადი. დისმენორეა შესაძლოა გამოვლინდეს პირველი მენსტრუაციიდან და მას პირველადი დისმენორეა ჰქვია. ზოგიერთ შემთხვევაში კი ვლინდება მოგვიანებით, მეორადად და დაკავშირებულია სხვადასხვა გინეკოლოგიურ პათოლოგიასთან. მეორადი დისმენორეის ყველაზე ხშირი მიზეზი ენდომეტრიოზი და მცირე მენჯის ღრუს ანთებითი პროცესია.

3. ოლიგომენორეა – გაიშვიათებული მენსტრუაცია

35 დღეზე ხანგრძლივი პერიოდი ორ თანმიმდევრულ მენსტრუაციას შორის ითვლება ოლიგომენორეად. ეს მდგომარეობა ხშირად დაკავშირებულია ჰორმონულ დარღვევებთან, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომთან, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებთან და ა.შ.

4. მენომეტრორაგია – ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია

თუ მენსტრუაციული სისხლდენა ნორმაზე  ხანგრძლივი და ჭარბია, ეს მენომეტრორაგიაზე მიანიშნებს. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს საშვილოსნოს ღრუს პოლიპები, მიომური კვანძები, ენდომეტრიოზი ან, სისხლის შედედების პრობლემები.

5. PMS – მენსტრუაციისწინა სინდრომი

PMS ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში და გამოიხატება როგორც ემოციური (გაღიზიანება, შფოთვა, დეპრესია), ისე ფიზიკური სიმპტომებით (თავის ტკივილი, სხეულის შეშუპება). მისი ერთ-ერთი გამოვლინება პრემენსტრუალური  დისფორიული დარღვევაა (PMDD), რომელსაც ახასიათებს მწვავე ემოციური და ქცევითი ცვლილებები, რაც თავისთავად ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე ძლიერ გავლენას ახდენს.

PMS  – ის გამოვლენის თავისებურებები ინდივიდუალურია და უფრო ხშირად გამოიხატება შემდეგ შემთხვევებში:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • პოსტტრამვული მდგომარეობა;
  • სხვადასხვა ტიპის შფოთვით აშლილობა და სხვა.

 

6. ჰიპომენორეა – შემცირებული მენსტრუაცია

თუ რეგულარული მენსტრუაციული გამონადენი 30 მლ-ზე ნაკლებია და სისხლდენა 2 დღეს არ აღემატება, ეს ფაქტი ჰიპომენორეაზე მიანიშნებს. ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია:

  • წონის სწრაფი კლება;
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;
  • საშვილოსნოს ღრუსშიდა შეხორცებები (აშერმანის სინდრომი);
  • პერიმენოპაუზალური პერიოდი;
  • საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი.

 

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჰიპომენორეა შესაძლოა განვითარდეს, როგორც სხვადასხვა ტიპის კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენების გვედრითი მოვლენა.

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

თუ თქვენი მენსტრუაციული ციკლი არარეგულარულია, მტკივნეულია, ან სხვა უჩვეულო ნიშნებს ამჩნევთ, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მისი შემდგომი მართვისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზის შეკრება სრულყოფილად, ასევე, მისი გინეკოლოგიური ულტრაბგერითი მონაცემებისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია.

აღსანიშნავია, რომ პაციენტებში თითოეული პათოლოგიის მკურნალობის სქემა განსხვავებულია და მისი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ქალის ასაკის, ანამნეზისა და მისი რეპროდუქციული მიზნების გათვალისწინებით.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი