ენდომეტრიოზი — ხშირად დასმულ შეკითხვებს ანა ფანცხავა პასუხობს

რეპროდუქციული ასაკის ქალების 10%-ს ენდომეტრიოზი აწუხებს. ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის, ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი ორგანოს გარეთ — საშვილოსნოს კუნთოვან შრეში (ადენომიოზი), ფალოპის მილებში, საშვილოსნოს ყელში, საშოში, საკვერცხეებში, ნაწლავზე ან ბადე ქონზე — ვრცელდება.

ზოგადად, ენდომეტრიოზის შესახებ ბევრი შეკითხვა არსებობს, მათ შორის ყველაზე აქტუალურ თემებს ჩვენს ახალ ბლოგპოსტში „რეპროარტის“ ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ანა ფანცხავა ეხმიანება.

შეკითხვა N1: რა არის ენდომეტრიოზის სიმპტომები და რა ნიშნები უნდა მიიჩნიონ ქალებმა პირველ გაფრთხილებად?

ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ქრონიკული ტკივილია, განსაკუთრებით მენსტრუაციისა და სქესობრივი ცხოვრების დროს (დისპარეუნია). ქალებს ენდომეტრიოზით ხშირად აღენიშნებათ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, აწუხებთ ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე, მის შემდეგ და ციკლის შუა პერიოდში, ასევე, ციკლური ან პერიმენსტრუალური სიმპტომები და პათოლოგიური სისხლდენა ან ტკივილი. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, უნაყოფობა ენდომეტრიოზით იყოს გამოწვეული.

შეკითხვა N2: რითი ხასიათდება ენდომეტრიოზისგან გამოწვეული ტკივილი?

ენდომეტრიოზის ერთ-ერთი სიმპტომი მტკივნეული მენსტრუალური ციკლია. ტკივილი ამ დროს შედარებით ინტენსიურია და მისი გაყუჩება ანთებსაწინააღმდეგო, არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში გაძნელებულია. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ტკივილი დიაგნოზისთვის საკმარისი არ არის. აუცილებელია სათანადო, სრულყოფილი დიაგნოსტიკა და შემდგომ სწორი მიმართულებით მკურნალობა.

შეკითხვა N3: ენდომეტრიოზი მხოლოდ საშვილოსნოში არ ვრცელდება. სხეულის სხვა რომელ ადგილებში შეიძლება წარმოიქმნას ენდომეტრიალური ქსოვილი და თუ არის ცნობილი, რა იწვევს ამ დაავადებას?

ენდომეტრიოზის შორსწასული ფორმების შემთხვევაში, ენდომეტრიალური კერები შესაძლოა, ფილტვებში, თავის ტვინში, ცხვირში, თვალში და ნებისმიერ სხვა ორგანოში აღმოჩნდეს. ენდომეტრიოზის მიზეზების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა ზუსტად რა იწვევს მას, დადგენილი არ არის. ამას გარდა, შეიძლება, ენდომეტრიოზი საშვილოსნოზე ქირურგიული ჩარევების შედეგადაც განვითარდეს. მაგალითად ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამპუტაცია), აბორტის, საკეისრო კვეთის და ა.შ. დროს.

შეკითხვა N4: როგორ ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება და რატომ რთულდება ზოგ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა?

ხშირად დიაგნოზის დასმა  მარტივად, ანამნეზის აღებითა და პაციენტის ბიმანუალური (ხელით) გასინჯვით ხდება. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა ინფორმატიულია საკვერცხის ენდომეტრიალური კისტების (ენდომეტრიომა) შემთხვევაში. ენდოემტრიომის გავრცელების დადგენის მიზნით კი, მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. ენდომეტრიოზის სადიაგნოსტიკო ერთ-ერთი ინვაზიური მეთოდია ლაპაროსკოპიაც.

სამწუხაროდ, ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმას ზოგჯერ პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 5-9 წელი სჭირდება. საქმე იმაშია, რომ ხშირად ქალი სიმპტომებს სათანადო ყურადღებას თავად არ აქცევს და არც გინეკოლოგიურ გამოკვლევებს იტარებს, აშინებს სავარაუდო ოპერაციული ჩარევა ან ჰორმონალური მედიკამენტებით მკურნალობა. ეს ყველაფერი კი დროულ დიაგნოსტიკას ახანგრძლივებს. სამწუხაროდ, პრობლემა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა ექიმისა და პაციენტის ერთობლივი მუშაობით, დროის მინიმიზაცია ნამდვილადაა შესაძლებელი.

შეკითხვა N5: შეუძლია თუ არა დაორსულება ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალს?

დადგენილია, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალების დაახლოებით 50%-ს შესაძლოა, უნაყოფობის პრობლემა ჰქონდეს, მათ შორის 20-25% კი სრულიად ასიმპტომური იყოს. ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალების უმეტესობას დაორსულება შეუძლია და მათ რეპროარტში ერთ-ერთ თანამედროვე და დამზოგველ მეთოდს – ცისტის ასპირაციას ვთავაზობთ. ამ პროცედურის საშუალებით ქალს ეძლევა დრო, დაგეგმოს ორსულობა როგორც ნატურალურ ციკლში, ისე საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის გამოყენებით.

შეკითხვა N6: რომელი მედიკამენტები გამოიყენება ენდომეტრიოზის სამართავად?

ენდომეტრიოზის მკურნალობის ტაქტიკა ქალის რეპროდუქციული მიზნების შესაბამისად განისაზღვრება. ტკივილის შემცირების მიზნით, არასტეროიდული, ანთებსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩემელი მედიკამენტებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მედიკამენტების კომბინაცია გამოიყენება, საკვერცხის დათრგუნვისთვის —გონადოტროპინრილიზინგ ჰორმონის ანალოგები (GnRH-a), ჭარბი მენსტრუალური გამონადენის შემცირებისთვის კი — ჰორმონშემცვლელი საშვილოსნოსშიდა საშუალება სპირა „მირენა“.

შეკითხვა N7: ამსუბუქებს თუ არა ენდომეტრიოზის სიმპტომებს ცხოვრების წესის ცვლილება და შესაძლებელია თუ არა მისი სრულად განკურნება?

ზოგადად ენდომეტრიოზი ესტროგენზე (ქალის სასქესო ჰორმონი) დამოკიდებული მდგომარეობაა. ესტროგენის მარეგულირებელი მოქმედებები — რეგულარული ვარჯიში და წონის კორეგირება ქალების მიერ ენდომეტრიოზის სიმპტომების მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ჭარბად განვითარებული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ესტროგენის წარმოქმნის წყაროა. სისხლში ესტროგენის დონეზე გავლენას ახდენს  ალკოჰოლის ხშირი მიღებაც.

ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე მდგომარეობაა და მისი სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა „რეპროარტში“ არსებული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები და მათ საფუძველზე შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად უმსუბუქებს ქალებს სიმპტომებს და ეხმარება მათ ენდომეტრიოზით გამოწვეული უნაყოფობის პრობლემის მოგვარებაში.

About Us

Luckily friends do ashamed to do suppose. Tried meant mr smile so. Exquisite behaviour as to middleton perfectly. Chicken no wishing waiting am. Say concerns dwelling graceful.

Services

Most Recent Posts

Company Info

She wholly fat who window extent either formal. Removing welcomed.

შემოგვიერთდით

© 2023 რეპროარტი