უკანასკნელ პერიოდში რეპროდუქციული მედიცინა მთელ მსოფლიოში პერსონალიზებული ხდება და პაციენტისთვის ინდივიდუალური, მისთვის საუკეთესო მიდგომის შერჩევას გულისხმობს. ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი — კვლევა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში ტარდება და რომელზეც ახლა გიამბობთ, სწორედ პერსონალიზებული მედიცინის ნაწილია. იგი პირველივე ცდაზე ორსულობის დადგომის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
რას წარმოადგენს ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი
ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი (ERA) დამატებითი დიაგნოსტიკური საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ენდომეტრიუმის ქსოვილის პატარა ნიმუშის დიაგნოსტირებით განისაზღვროს ემბრიონის გადატანისთვისა და მიმაგრებისთვის საუკეთესო დღე. ნიმუშის მისაღებად ქალს უტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია, რომელიც მარტივი, სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა. იმპლანტაციური ფანჯრის, ანუ საშვილოსნოს კედელზე ემბრიონის მიმაგრების ოპტიმალური პერიოდი როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის მე-15 დღიდან იწყება და 20-ე დღემდე გრძელდება. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ეს დღე გადანაცვლებული იყოს და ორსულობის დადგომას ხელს უშლიდეს.
როდესაც ნაყოფის ჩასახვა ბუნებრივი გზით ხდება, ენდომეტრიუმსა და ემბრიონს შორის სინქრონი ფიზიოლოგიურად რეგულირდება. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში კი, როდესაც ემბრიონი ქალის ორგანიზმის გარეთ ვითარდება და საშვილოსნოში მისი გადატანა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმმა ზუსტად იცოდეს ის დრო, როცა ენდომეტრიუმი ბლასტოცისტის (ანუ, ემბრიონის განვითარების მე-5-6 ან მე-7 დღე) მისაღებად მზადაა. აღსანიშნავია, რომ 10 პაციენტიდან 3-ს ეს პერიოდი გადანაცვლებული აქვს. მაგალითად, იმ ქალებს, რომლებსაც სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადება – საშვილოსნოს მიომა, ადენომიოზი და ა.შ. აქვთ. იშვიათ შემთხვევაში კი, იგივე გადანაცვლება ჯანმრთელ ქალებზეც შეიძლება ვრცელდებოდეს და სწორედ ეს უშლიდეს ხელს მათი ორსულობის დადგომას. ამგვარი პაციენტებისთვის ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
ზოგადად, ERA-ს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
- ქალები, რომლებსაც ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონის ორი ან მეტი წარუმატებელი გადატანა ჰქონდათ
- ქალები, რომლებსაც ადრეულ ვადებზე შეწყვეტილი ორსულობები აღენიშნებათ
- ქალები, რომლებსაც საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი ანომალიების ქირურგიული კორექცია ჩაუტარდათ
- ქალები, რომლებსაც ატროფიული (<6mm) ან ჰიპერტროფული(>12mm) ენდომეტრიუმი აქვთ
პაციენტების ასაკს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.
როგორ ხდება ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზის ჩატარება
ERA პაციენტის ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მიმდინარეობს: ერთ ციკლში ხდება ქალის მომზადება და ენდომეტრიუმიდან მასალის აღება — ბიოფსია, რომელიც კვლევისთვის ევროპულ ან ამერიკულ ლაბორატორიებში იგზავნება. მეორე ციკლში, ანალიზის შედეგიდან გამომდინარე, ექიმს ზუსტად აქვს განსაზღვრული ის დრო, როდის უნდა გადაიტანოს ბლასტოცისტი საშვილოსნოში, რათა ორსულობის შანსები გაიზარდოს.
რას ცვლის ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი
რეპროარტის პრაქტიკამ აჩვენა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზის გარეშე, სტანდარტული მიდგომით ორსულობის დადგომა შეუძლებელი იქნებოდა. უფრო მეტიც: შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო პროცესში სუროგატი დედის ჩართვაც. მიზეზს პაციენტების იმპლანტანციური ფანჯრის რამდენიმე საათით გადანაცვლება წარმოადგენდა. ერთ შემთხვევაში ეს დრო მხოლოდ 12 საათიც კი იყო.
რეპროდუქციული მედიცინის მიზანი — რაც შეიძლება ბევრი პაციენტი დაორსულდეს პირველივე ცდაზე — ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზით კიდევ უფრო მარტივად მიიღწევა. მაშინ როდესაც ქალს მხოლოდ 1 ჯანმრთელი ემბრიონი აქვს, იმპლანტაციის ფანჯარა კი აცდენილია, ეს ანალიზი პრაქტიკულად ორსულობის დადგომის ერთადერთი შანსია.
პაციენტებს, რომელთა ემბრიონის გადატანა წარუმატებლად დასრულდა, ERA-ს შედეგად ორსულობის სიხშირე 73%-ით ეზრდებათ. ამდენად, როდესაც საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის პერსონალიზებული გადატანა ხდება ორსულობის მიღების შანსი მნიშვნელოვნად მაღალია.