რა უნდა იცოდე რეპროდუქტოლოგთან პირველი ვიზიტის ჩანიშვნამდე

წყვილებს, რომლებსაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ ან ქალებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა პარტნიორის გარეშე სურთ და ექიმთან პირველ ვიზიტს აპირებენ, ხშირად აინტერესებთ, როგორ მოემზადონ და რა გაითვალისწინონ პირველი ვიზიტისთვის, როდის არის მისი დაგეგმვა სასურველი და რა შეიძლება დასჭირდეთ ასეთ დროს.

დავიწყოთ ვიზიტის დროის შერჩევით: პაციენტს რეპროარტში ვიზიტი ნებისმიერ დროს შეუძლია: თუ ის ექიმთან მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს მოვა, გარკვეული ტიპის ანალიზებს მაინც გაიკეთებს, თუმცა არა ყველას. ამიტომ, ის მომდევნო ციკლის მოსვლას დაელოდება და კვლევებს შემდგომ გააგრძელებს.

თუ პაციენტს, მკურნალობის დაწყება მენსტრუაციის იმავე ციკლში სურს, უმჯობესია რეპროარტში ვიზიტი დაგეგმოს ციკლის მეორე-მესამე დღეს. ასეთ შემთხვევაში, ექიმს შესაძლებლობა აქვს მას სრული დიაგნოსტიკა ერთ ვიზიტშივე შესთავაზოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მაინცდამაინც მეორე-მესამე დღე? საქმე იმაშია, რომ ეს  იდეალური პერიოდია საკვერცხის რეზერვისა და ფოლიკულების რაოდენობის განსაზღვრისთვის და სხვადასხვა ტესტის ჩასატარებლად. ამ დროს, ექიმის კონსულტაციის გარდა, კეთდება საკვერცხეების ექოსკოპია, ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონების, ესტრადიოლის (FSH, LH, Estradiol) განსაზღვრა. თუმცა ზოგიერთი კვლევა, მაგალითად ანტიმიულერული ჰორმონის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ციკლის ნებისმიერ დროს შეიძლება გაკეთდეს. საშვილოსნოსა და ენდომეტრიუმის შეფასება კი სხვა პერიოდში, ციკლის მეცხრე-მეათე დღეს ხდება.

რაც შეეხება მამაკაცებს: მამაკაცის ვიზიტისთვის საუკეთესოა – სქესობრივი და ალკოჰოლური თავშეკავებიდან მე-3-4 დღე. ეს ის ოპტიმალური პერიოდია, როდესაც მას სპერმის ანალიზის (სპერმოგრამა) გაკეთება შეუძლია. ცხადია, სასურველია, რომ წყვილი ექიმთან ვიზიტზე ერთად მოვიდეს. გთხოვ დაიმახსოვროთ, თუ რაიმე მედიკამენტს იღებთ ხანგრძლივად საჭიროა ექიმთან ამის შესახებ წინასწარი კონსულტაცია, რათა სწორად დაიგეგმოს თქვენი დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც.

ხოლო წყვილს, რომელიც რეპროარტში პირველ შეხვედრას ნიშნავს, ყოველთვის ვთხოვთ,  მანამდე ჩატარებული კვლევების (ჰორმონალური ანალიზები, ციკლის მონიტორინგი, სპერმის ანალიზი და ა.შ.) პასუხები წამოიღონ, თუკი ასეთი არსებობს. წარსულში გაკეთებული ანალიზები, ზოგჯერ, მნიშვნელოვანია შემდგომი მკურნალობის დაგეგმვისთვის.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ამ კვლევების ხანდაზმულობა. ზოგი, 6 თვის წინ ჩატარებული ანალიზის პასუხიც სარწმუნოა, ზოგი კი 2 ან 3 კვირის წინ გაკეთებულიც უკვე მოძველებულია და ხელახლა უნდა გამეორდეს.

რეპროარტის ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა კონკრეტულად იცოდეს, თუ როდის რას აკეთებს და კარგად იყოს ინფორმირებული, თუ რატომ შეირჩა ესა თუ ის სტრატეგია, შეექმნას რეალური და დეტალური წარმოდგენა ყველა მისთვის საინტერესო საკითხზე. ექიმთან ეფექტური კომუნიკაციისთვის კარგად აპრობირებული ხერხია შეკითხვების წინასწარ, ან უშუალოდ ვიზიტის დროს, ჩანიშვნა. საქმეა იმაშია, რომ ამ საპასუხისმგებლო შეხვედრისას პაციენტებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, რომლებიც შესაძალოა გამორჩეთ.

და ბოლოს: მომზადებული (სწორად ინფორმირებული) პაციენტი ექიმებისთვისაც დიდი კომფორტია, ასეთ შემთხვევაში ის ექიმის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ჩართულია. საბოლოოდ, ეს ორმხრივი კომუნიკაცია შესაძლებლობას იძლევა, დაიგეგმოს პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური და ოპტიმალური სტრატეგია, რომ სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი