პაციენტებთან სწორი კომუნიკაცია და გულისხმიერება ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რეპროდუქციული კლინიკების, მათ შორის რეპროარტის, საქმიანობაში ეს ფაქტორი დამატებით დატვირთვას ატარებს. ჩვენთან ვიზიტი პაციენტებისთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება და ასეთ დროს შესაძლოა, ერთი სიტყვაც კი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ბევრს ნიშნავდეს.
კომუნიკაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი კლინიკის წინა ხაზია, ამ ხაზზე კი ჩვენი რეგისტრატორები ნინი ქუთათელაძე და სალომე სამხარაძე დგანან. ისინი რეპროარტში მოსულ ადამიანებს პირველები ხვდებიან, ამიტომ შთაბეჭდილება, რომელსაც ნინი და სალომე პაციენტებზე ახდენენ, მათ მიერ გამოჩენილი ყურადღება და კეთილგანწყობა ჩვენი კლინიკის წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, გვსურს, პაციენტის პირადი მენეჯერის შემდეგ რეგისტრატორებზე უფრო მეტი გიამბოთ.
ნინი და სალომე მთელი დღის განმავლობაში პაციენტებს ემსახურებიან, თითოეულთან ბოლომდე იხარჯებიან, ენერგიას არ ზოგავენ, ყველა პროცესსა და დეტალს გეგმავენ, რათა ისინი მომსახურებით კმაყოფილები იყვნენ. უამრავი საქმის მიუხედავად, გოგოები კარგ განწყობას სულ ინარჩუნებენ, რადგან იციან, რომ პაციენტებისთვის ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პროცესების სწორად წარმართვა. „გეგმას საღამოობით ვადგენთ ხოლმე და თითოეულ დეტალს ისე ვწერთ, პაციენტის დრო მაქსიმალურად ეფექტიანად გადანაწილდეს. სწორედ ამიტომ, ძალიან დაღლილებიც კი მომდევნო დღეს აუცილებლად ვგეგმავთ“, – ამბობს ნინი.
გოგოებისთვის გადამწყვეტი მოტივაცია პაციენტების კეთილგანწყობაა, ამიტომ განსაკუთრებულ ენერგიას ამ მიმართულებით ხარჯავენ და თითოეულს ინდივიდუალურად, თუმცა თანაბარი გულისხმიერებით ეკიდებიან. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია და ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, ხანდახან, როცა რომელიმე პაციენტს სასწრაფო კვლევა ან გადაუდებელი კონსულტაცია სჭირდება, პროცესი ფერხდება, თუმცა გოგოები სიტუაციის გამოსწორებასაც ახერხებენ და პაციენტების კეთილგანწყობის მუდმივ შენარჩუნებასაც. „ეს იმის დამსახურება გვგონია, რომ საქმეს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ“, – ამბობს სალომე.
რეპროარტში არსებულ გულისხმიერ დამოკიდებულებასა და კეთილგანწყობილ გარემოზე პაციენტები აქცენტს ხშირად აკეთებენ. გოგოებისთვის, რომლებიც ამ გარემოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, ეს აღნიშვნა განსაკუთრებული სტიმულია. „ხშირად გვეუბნებიან, რომ თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში და როცა ამ შეგრძნებას ჩვენთანაც აკავშირებენ, გული სიხარულით გვევსება“, – დასძენს ნინი.
რეპროარტის წინა ხაზი კიდევ ერთი თვისებითაა გამორჩეული: გოგოებს პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპი ახსოვთ – რთულიც, ემოციურიც და სიხარულით სავსეც. როგორც კლინიკის სხვა თანამშრომლებისთვის, მათთვისაც ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ორსულობის დადგომაა. გოგოები ყველაფერში მონაწილეობენ და ყველა განცდას იზიარებენ. „თითოეული პაციენტი ჩვენთვის ძალიან ახლობელია, ამიტომ კარგ შედეგებს გულის ფანცქალით ველით ხოლმე. სხვათა შორის, თითოეული ორსულობა გვახსოვს, როგორც საუკეთესო ემოცია და, საბედნიეროდ, ბევრი ასეთი მოგონება გვაქვს“,- აღნიშნავს სალომე.
გოგოებს მიაჩნიათ, რომ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან, მათთვის სიყვარულისა და ბედნიერების განცდა მოაქვს, თუნდაც იმიტომ რომ ის ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაში მონაწილეობას გულისხმობს. ნინი და სალომე ამ უდიდეს ემოციასა და პასუხისმგებლობას სრულად იზიარებენ.
რეპროარტის წინა ხაზი ყოველთვის ეცდება, რომ თქვენი მომსახურება გამორჩეული ხარისხის იყოს და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.