უნაყოფობის პრობლემა მსოფლიოში დაახლოებით 186 მილიონ ადამიანს აწუხებს. რა თქმა უნდა, მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ანდროლოგები და ექთნები ის პროფესიონალები არიან, რომლებიც უნაყოფობის მკურნალობაში პირველივე წუთებიდან ერთვებიან, თუმცა არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც პაციენტთან არაპირდაპირ მუშაობენ, მაგრამ ბავშვის დაბადებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. მათ შორის, პირველ რიგში, ემბრიოლოგების წვლილია აღსანიშნავი.
ემბრიოლოგობა სტრესული, საპასუხისმგებლო, დატვირთული და ემოციებით სავსე პროფესიაა. ექიმსა და ექთანთან ერთად, მათი შრომა იმ დიდი გუნდური ძალისხმევის ნაწილია, რომლის წყალობითაც ჩვენს კლინიკაში უამრავი ჯანმრთელი ბავშვი იბადება. ახლა სწორედ ემბრიოლოგების საქმიანობაზე გიამბობთ. მოგიყვებით, როგორ უვლიან ისინი ემბრიონებს რეპროარტში.
არის კვერცხუჯრედი!
ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI) საქართველოში რეპროარტის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლიკა ჭყონიამ დანერგა. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში ამ ტექნიკის გამოყენებით პირველი ბავშვები დაიბადნენ და კაცის უნაყოფობის მკურნალობაში ახალი და ეფექტიანი მიდგომა დაინერგა.
ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი…
ამ დროს ემბრიოლოგი მიკროსკოპის ქვეშ უწვრილესი, ნატიფი და ხელნაკეთი პიპეტით 1 სპერმატოზოიდს იღებს და მას 1 კვერცხუჯრედში ათავსებს. პროცესის მიმდინარეობისას სპეციალისტის პროფესიონალიზმს, კონცენტრაციის ხარისხსა და ემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ურთულესი და ძალიან საპასუხისმგებლო პროცედურაა: ემბრიოლოგის ტვინი მაქსიმალურად დაძაბულია, მისი ორივე ხელი ინტენსიურად მუშაობს, ოღონდ სრულიად სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ასეთ დროს ერთმა ზედმეტმა მოძრაობამაც კი შეიძლება გასანაყოფიერებლად მომწიფებული კვერცხუჯრედი მოკლას. ალბათ ამიტომაც, ემბრიოლოგებს ხელი არ უნდა უკანკალებდეთ. აუცილებელია, რომ ისინი პროცედურისას მაქსიმალურად კონცენტირებულები და ემოციურად გაწონასწორებულები იყვნენ.
კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის წარმატებით მოთავსება 100%-იან განაყოფიერებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რადგან განაყოფიერებაზე თავად სპერმატოზოიდი „ზრუნავს“, რაც დიდწილად კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდს ხარისხზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ემბრიოლოგები მეორე დღის დადგომასა და განაყოფიერების შედეგს მოუთმენლად ელოდებიან. ისინი განსაკუთრებით მაშინ ღელავენ, როდესაც პაციენტს მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი აქვს. ასეთ დროს ღამეები ხშირად სწორედ შედეგზე ფიქრში თენდება: განაყოფიერდება თუ არა ერთადერთი კვერცხუჯრედი და გამართლდება თუ არა პაციენტის იმედი.
რეპროარტში ინტროციტოპლაზმური სპერმის ინექციით კვერცხუჯრედების 80% ნაყოფიერდება, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში მეორე დღეს წარმატების კიდევ ერთი შეძახილი მოაქვს: „ვაშა, განაყოფიერდა! არის ემბრიონი!“ ამ მომენტიდან ემბრიონსა თუ ემბრიონებზე ზრუნვის ეტაპი იწყება. ისინი უნდა განვითარდნენ და კონკრეტულ სტადიამდე მივიდნენ, ამიტომ ემბრიოლოგებიც მათ განსაკუთებულად უვლიან: ინახავენ 37 გრადუსიან ინკუბატორში, რომელიც საშვილოსნოს ღრუს გარემოსთან მაქსიმალურადაა მიმსგავსებული. თანაც, ინკუბატორი მრავალგანყოფილებიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პაციენტის ემბრიონები ერთმანეთისგან იზოლირებულები არიან და ემბრიოლოგები თითოეულ მათგანს სხვების „შეწუხების“ გარეშე ამოწმებენ.
აღსანიშნავია, რომ რეპროარტში კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელის, დევიდ მაკკალას მიერ შექმნილი ხარისხის კონტროლის კომპიუტერული პროგრამაა დანერგილი, რომლის მეშვეობითაც ინკუბატორებიც და მთლიანად სამუშაო პროცესიც სრულად ავტომატიზებულია. პროგრამის დახმარებით, აპარატურის, ტემპერატურისა და გარემოს მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ინკუბატორში მოთავსებულ თუ გაყინული ემბრიონებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან იცავს. ამ პროცესშიც რეპროარტის ემბრიოლოგები ინტენსიურად არიან ჩართულები.
წარმატების მოლოდინში…
განაყოფიერებიდან 5-6 დღის შემდეგ ემბრიონები გადასატანად მზად არიან. რეპრორატის პრაქტიკით, მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტის საშვილოსნოში ერთი ან, მაქსიმუმ, 2 ემბრიონის გადატანა ხდება, დანარჩენები კი იყინება და შემდგომი ორსულობისთვის ინახება. ემბრიოლოგი ემბრიონის გადატანის პროცესშიც აქტიურად მონაწილეობს: ემბრიონს კათეტერით სწორედ ის იღებს, და საშვილოსნოში მოსათავსებლად ექიმს გადასცემს, მერე კი ამოწმებს, ნამდვილად მოთავსდა ემბრიონი საშვილოსნოში, თუ „ურჩი ბავშვი“ კათეტერში დარჩა. „ურჩ ბავშვებს“ რეპორარტში ხუმრობით სწორედ გაჯიუტებულ ემბრიონებს უწოდებენ, რომლებსაც საბოლოოდ, სიჯიუტის მიუხედავად, საშვილოსნოში მაინც ათავსებენ. ამ ეტაპით ემბრიოლოგის ხანგრძლივი სამუშაო დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს ფინიში არ არის.
მერე ორკვირიანი ლოდინის დრო დგება. ამჯერად, ემბრიოლოგიები ყველაზე მნიშვნელოვან ემოციას უცდიან: ორი კვირის შემდეგ ორსულობის ტესტი კეთდება, რომლის დადებითი პასუხიც მათთვის ყველაზე დიდ წარმატებას ნიშნავს. მერე კი ისინი, ისევ დაუღალავად შრომას აგრძელებენ, რათა ჯანმრთელი ბავშვის დაბადების სიხარული რაც შეიძლება მეტ მშობელს განაცდევინონ.