საშვილოსნოს მილის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა

ფრაზა  — „მილები მქონდა გასასუფთავებელი და ვერ ვორსულდებოდი“ ან „მილები უნდა გავიწმინდო“ მეგობრებისა თუ ნაცნობებისგან ალბათ ხშირად გსმენიათ. დიახ, საშვილოსნოს მილი, იგივე ფალოპის მილი ქალის ორსულობაში მართლაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა თანამედროვე მედიცინამ მისი მკურნალობის ბევრი მეთოდი უკვე წარსულს ჩააბარა, ზოგიერთი მათგანი კი სახიფათოდაც მიიჩნია. სამაგიეროდ, პარალელურად, ახალი მიდგომები და კვლევები დანერგა. ამ სტატიაში ფალოპის მილის შესახებ ყველა ინფორმაციას — მითებს, რეალობასა თუ მკურნალობის მეთოდებს ერთად წაიკითხავთ.

რა არის ფალოპის (საშვილოსნოს) მილი? 

როგორც უკვე გითხარით, ფალოპის მილი, იგივე კვერცხსავალი მილი, ქალის რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის ვიწრო მილების წყვილი, რომელიც საშვილოსნოს ტანიდან გამოდის და ორივე საკვერცხისკენ მიემართება.

ფალოპის მილის სიგრძე საშუალოდ 10-12 სანტიმეტრია. მის კედელს განსაკუთრებული აგებულება აქვს, რაც კვერცხუჯრედის გადაადგილებას უზრუნველყოფს. საბოლოოდ, კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში სწორედ ფალოპის მილის გავლით ხვდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მილისმიერი უნაყოფობა?

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ფალოპის მილს ორსულობის დადგომაში განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. სტატისტიკურად დადგენილია, რომ უნაყოფობის 30%-40% სწორედ მისი ანატომიური და ფუნქციური დაზიანებითაა გამოწვეული. ამგვარ უნაყოფობას ორი ძირითადი ფორმა აქვს: ფალოპის მილების ორგანული დაზიანება ან ფალოპის მილების ფუნქციის დარღვევა.

და მაინც, რა იწვევს მილისმიერ უნაყოფობას? გავრცელებული მიზეზების ჩამონათვალი ასეთია:

  • ენდომეტრიოზი
  • მცირე მენჯის ღრუს ანთებადი პროცესები
  • მცირე მენჯის ღრუს ქირურგიული ჩარევები — აპენდექტომია, ტუბო-ოვარექტომია, საკეისრო კვეთა და ა.შ.
  • ტრავმა საშვილოსნოს მილებზე — “გახსნის“ მიზნით ჩატარებული ჰიდრო-პერტუბაციები, მცირე მენჯის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, გარე ორსულობა.
  • ფალოპის მილების ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნეები
  • განვითარების მანკი
  • Rokitansky სინდრომი, ფალოპის მილების ორმხრივი ან ცალმხრივი აპლაზია და ა.შ.

როგორ დავადგინო, უნაყოფობა გამოწვეულია თუ არა ფალოპის მილების ფაქტორით?

იმ შემთხვევაში თუ 1-წლიანი, დაუცველი, რეგულარული სქესობრივი კონტაქტის ფონზე ორსულობა არ დგება, რეკომენდებულია, მილების გამტარიანობის შეფასება ჩაიტაროთ. მით უმეტეს, თუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ან მცირე მენჯის ღრუს მწვავე ანთებითი პროცესები გადაიტანეთ.

მილების დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. მათ შორისაა, სონოჰისტეროსალპინგოგრაფია, რენტგენოკონტრასტული სალპინგოგრაფია და ლაპარასკოპია. თანამედროვე მედიცინა ერთ-ერთ ყველაზე უმტკივნეულო, არაინვაზიურ, კომფროტულ, უსაფრთხო, მარტივ და ზუსტ პროცედურად სონოჰისტეროსალპინგოგრაფიას მიიჩნევს, რომელსაც ჩვენთან, რეპროარტში ჩაიტარებთ.

სონოჰისტეროსალპინგოგრაფია წარმოადგენს ექოკონტრასტული ქაფით კვლევას, რომელიც საშვილოსნოს ღრუსა და მილების კონტურის ნათელ გამოსახულებას იძლევა. მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულების კვლევის მგრძნობელობა 97%-ია, რაც საშვილოსნოს მილების გამავლობას ადვილად ამოსაცნობს ხდის.

როგორ მოვიქცე, თუ უნაყოფობა მილისმიერი ფაქტორითაა გამოწვეული?

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუმცა, არ დაუჯეროთ მითებს საშვილოსნოს მილების არასტანდარტული მეთოდებით “გახსნის” შესახებ, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული.

სინამდვილეში, მილები მეტად სათუთ, მცირე დიამეტრის (0.5 მმ) ანატომიურ სტრუქტურას წარმოადგენენ, რომელთა აღდგენა დაზიანების შემდგომ არ ხდება. სწორედ ამიტომ, ისეთი მეთოდები, როგორებიცაა მილების ე.წ. „გამორეცხვა”, „დაბერვა”, ან არატრადიციული სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენება არა მარტო არაეფექტიანია, არამედ უკუჩვენებებითაც ხასიათდება. შესაძლებელია, ამგვარმა მანიპულაციებმა მილების  დაზიანების ხარისხის გაღრმავება და პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სონოჰისტეროსალპინგოგრაფიის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა ექიმმა გულდასმით შეაფასოს და  უნაყოფობის მკურნალობა ინდივიდუალურად დაგეგმოს. ფალოპის მილებით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მეთოდი ლაპარასკოპიაა, თუმცა თუ აღმოჩნდა, რომ პაციენტს ორმხრივად გაუმტარი მილები აქვს, ჩვენ მას მკურნალობის ალტერნატიულ გზად ყოველთვის ინ ვიტრო განაყოფიერებას ვურჩევთ.

ინ ვიტრო განაყოფიერება, რომელიც უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიას წარმოადგენს, რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტის შემთხვევათა 57%-86%-ში ორსულობის დადებითი ტესტით სრულდება.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი