უსაფრთხოება – უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

40 წელზე მეტია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ამბულატორიულ პირობებში უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე ეფექტიან მეთოდად ითვლება. ამ პერიოდის განმავლობაში დაიხვეწა პროცედურების შესრულების ტექნიკა და მედიკამენტები, დაინერგა ახალი კვლევები, რამაც შედეგები ძალიან გაზარდა. თუმცა, უმნიშვნელოვანეს ფაქტორად კვლავაც პაციენტის უსაფრთხოება რჩება და იგი რეპროარტისთვისაც მკურნალობის ნებისმიერ პროცესში მთავარი პრიორიტეტია.

უსაფრთხოებასა და გართულებების პრევენციას უპირველესად პაციენტის კვლევები და ანალიზები უზრუნველყოფს. რასაკვირველია, ისინი მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგიის შერჩევისთვისაც აუცილებელია, თუმცა მათი მთავარი დანიშნულება უსაფრთხოებაა და ჩვენს ახალ ბლოგპოსტში ყურადღებას სწორედ მასზე გავამახვილებთ. 

რა ეტაპები უნდა გაიაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურამდე

ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმთან კონსულტაციისა და სრულყოფილი ანამნეზის შეკრების შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ, იგეგმება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომლებიც ეტაპობრივად ტარდება.

პირველი ეტაპი – ვაგინალურ ექოსკოპიურ კვლევას გულისხმობს, რომელიც ციკლის მეორე ან მესამე დღეს კეთდება. იგი ექიმს ეხმარება, საშვილოსნოს,  საკვერცხეების მდგომარეობა და თითოეულ საკვერცხეში ფოლიკულური აპარატის მარაგი შეაფასოს. დაადგინოს, არის თუ არა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან პოლიპი, შეამოწმოს საშვილოსნოს ღრუს მოცულობა და ფორმა, არსებობის შემთხვევაში, აღმოაჩინოს პათოლოგიები, მაგალითად, T-სებრი საშვილოსნო, ძგიდე საშვილოსნოს ღრუში, რამაც შესაძლოა, მომავალში სპონტანური აბორტი გამოიწვიოს. ამავე კვლევისას ფასდება საკვერცხეების ტოპოგრაფია მცირე მენჯის ორგანოების მიმართ, მიომეტრიუმში კვანძების არსებობა და მათი მდებარეობა.

მეორე ეტაპზე – პაციენტის მიერ გადატანილი ვირუსული ინფექციების (B, C, HIV და RPR) სტატუსი დგინდება. საჭიროების შემთხვევაში კი, იგი დამატებით კვლევებისა და შესაბამისი მკურნალობისთვის ინფექციურ განყოფილებაში გადამისამართდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიზანი ორსულობის მიღება და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაა, ამიტომ პაციენტს, რომელსაც მაგალითად წითურა გადატანილი არ აქვს, შესაბამისი ვაქცინაციაც უტარდება. საქმე იმაშია, რომ ეს ინფექცია ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე ნაყოფის განვითარების მრავლობით მანკს იწვევს, რომელთა პრევენციაც მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

მესამე ეტაპზე – პაციენტის ჰორმონალური პროფილი ფასდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორსულობის მისაღებად, ისე მისი უსაფრთხოებისთვის. კერძოდ, ამ ეტაპზე განისაზღვრება ჰორმონების – FSH, LH, TSH, PRL, სასქესო ჰორმონების – E2 და P4, ანდროგენების – DHEA-S; 17-OH progesterone; F. Testosterone, ინსულინისა და AMH-ის დონეები. ამავე ეტაპზე ტარდება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ენდოკრინოლოგი ერთვება.

მეოთხე ეტაპზე – პაციენტს საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევა – პაპ ტესტი და კოლპოსკოპია და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა უტარდება. ჯანმრთელობის მდგომარეობას მამოლოგიც აფასებს, რაც კიდევ უფრო იცავს პაციენტს შემდგომი შესაძლო გართულებებისგან.

ჩამოთვლილი კვლევებისა და ანალიზების საფუძველზე, დგება საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის ოპტიმალური პროტოკოლი, რომელიც მთლიანად პაციენტსა და მის ჯანმრთელობაზეა მორგებული. თითოეული მედიკამენტი და დოზა  ინდივიდუალურად ირჩევა, რაც რეპროარტის მთავარ პრიორიტეტს – უსაფრთხოებას შეესაბამება.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობისას

პროცედურა

საკვერცხეებიდან ფოლიკულების ასპირაცია ექომონიტორინგის ქვეშ, ტრანსვაგინალური მიდგომითა და ზოგადი ანესთეზიით ტარდება. სხვა ინვაზიური პროცედურების მსგავსად, ფოლიკულების ასპირაციასაც შეიძლება ვენის ან არტერიის დაზიანება და სისხლდენა, ორგანოს დაზიანება ან აღმავალი ინფექცია დაერთოს. ამ გართულებების ასარიდებლად, მკურნალმა ექიმმა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტოპოგრაფიული მდებარეობა კარგად უნდა შეაფასოს, პროცედურა კი გამოცდილი სპეციალისტმა ჩაატაროს.

აღმავალი ინფექცია

ფოლიკულების ასპირაციისას საასპირაციო ნემსი საშოს კედელს გაივლის და ფოლიკულში მუცლის ღრუს გავლით ხვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საშოს ფლორა დაბინძურებული არ იყოს, ამიტომ პროცედურამდე საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება და საჭიროების შემთხვევაში, აღმავალი ინფექციით გამოწვეული გართულებებისგან თავიდან ასაცილებლად, სათანადო მკურნალობა ტარდება.

ონკოლოგიური ფაქტორი

საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია ტარდება გონადოტროპინების გამოყენებით (მედიკამენტები, რომლებიც შეცავენ ჰიპოფიზის ჰორმონებს), რომლებიც საკვერცხეებში მრავლობითი ფოლიკულების ზრდას უწყობს ხელს. ფოლიკულის შიგნითა შრის ამომფენი უჯრედების მიერ ჰორმონები გამომუშავდება, რაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანში, ენდომეტრიუმსა  და სარძევე ჯირკვლებში უჯრედების გამრავლებას იწვევს. ასეთ დროს ონკოლოგიური საფრთხის პრევენციას სწორედ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები კვლევები ახდენს.

მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი

მეცნიერების დახმარებით დღეს უკვე შესაძლებელია ემბრიონის ქრომოსომული ნაკრების PGT-A-ემბრიონის გენეტიკური ტესტით შეფასება და საშვილოსნოში იმ ემბრიონის გადატანა, რომლის გენეტიკური მასალა სიცოცხლესთან თავსებადია. ამგვარად არა მარტო ორსულობის მიღების ალბათობას ვზრდით, არამედ წარუმატებლობით გამოწვეულ სტრესს, იმედგაცრუებასა და იმ გართულებებსაც ვამცირებთ, რომლებიც მრავალნაყოფიან ორსულობას უკავშირდება. მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა და მასთან ასოცირებული დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის პრობლემები, ტყუპების ტრანსფუზიის სინდრომი და ა.შ.

მკურნალობის პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია ემბრიოლოგის ლაბორატორიის აღჭურვილობა და გამართულობა, ხარისხი, რომელიც ყოველდღიურად უნდა კონტროლდებოდეს და სპეციალური, მოცირკულირე ჰაერის საათში 15-ჯერ გაფილტვრა, რადგან დაბინძურებულ ჰაერს ემბრიონის განვითარებაზე ტოქსიკური გავლენა აქვს.

ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის კვლევები

არ ავნო! — სამედიცინო საქმიანობის მთავარი პრინციპია. არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობისას ზოგმა კვლევამ შესაძლოა, არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. მაგალითად, ბევრი პაციენტისთვის კარგად ნაცნობი ტერმინია „სქრეჩინგი“, რომელიც არის ენდომეტრიუმის ინსტრუმენტული „დასერვა“.

ეს პროცედურა ორსულობის მიღების თვალსაზრისით უსარგებლოა და, ამავდროულად, არცთუ იშვიათად ენდომეტრიუმის ბაზალურ შრესაც აზიანებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ  “ემბრიონის წებოზე“, რომელიც მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავისა და ადამიანის ალბუმინის ნაზავია, თუმცა ის პაციენტისთვის მხოლოდ დამატებითი ფინანსური ხარჯია.

მედიკამენტების ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები

საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის პროცესში გამოიყენება ჰორმონალური პრეპარატები, რომელთა ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები მკაცრად უნდა იყოს დაცული. ზოგიერთი პრეპარატისას აუცილებელია ცივი ჯაჭვის პრინციპი, უმეტესობისთვის კი ტემპერატურა +8Cარ უნდა აღემატებოდეს.

ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში, საკვერცხეებში ფოლიკულები შესაძლოა არ გაიზარდოს, ან პაციენტს მედიკამენტზე ალერგიული რეაქციები მისცეს, რაც სასურველი შედეგის მიღებას შეაფერხებს.

შესაბამისად, უნაყოფობის მკურნალობისას ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შედეგთან – ორსულობის დადგომასა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებასთან ერთად, თქვენი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი