Micro – TESE – მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის უახლესი მეთოდი რეპროარტში

თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მამაკაცის უნაყოფობის პრობლემაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის მეთოდების განვითარების კუთხით არაერთ სიახლეს ნერგავს. რეპროარტის გუნდისთვისაც, რომელიც დაარსებიდან უნაყოფობის პრობლემის მქონე მამაკაცებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საუკეთესო სტანდარტებს, კვლევებსა თუ პროცედურებს სთავაზობს, ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. 2007 წელს, საქართველოში პირველად, მამაკაცის სპერმის ასპირაციით (TESE)  მიღებული სპერმატოზოიდის გამოყენებით ჯანმრთელი ბავშვი სწორედ რეპროარტის გუნდის ძალისხმევით დაიბადა.

რეპროარტში პაციენტებისთვის ყველაზე თანამედროვე მიდგომების შეთავაზება კვლავაც გრძელდება. სულ ახლახან, კლინიკის მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში პროცედურა Micro TESE  — სპერმის მიკროქირურგიული ექსტრაქცია დაინერგა, რომლის შესახებაც დაწვრილებით სწორედ ამ ბლოგპოსტში გიამბობთ.

რა არის Micro TESE?

Micro TESE, იგივე სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის მიკროქირურგიული ექსტრაქცია (ამოღება) მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ახალ მიკროქირურგიულ მეთოდს წარმოადგენს. პროცედურა მიკროსკოპით ხორციელდება და შედეგად მიღებული სპერმატოზოიდი ან სპერმატოზოიდები ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერების პროცესში გამოიყენება.

ვისთვის არის განკუთვნილი Micro TESE?

Micro TESE არაობსტრუქციული აზოოსპერმიის (ეაკულატში — სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა) დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არის რეკომენდირებული. აღსანიშნავია, რომ მისი დახმარებით, უკვე იმ პაციენტებსაც აქვთ ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი, რომლებიც აქამდე სპერმის დონორის კანდიდატები იყვენენ და მათაც, ვინც ძველი, ტრადიციული მეთოდით გაკეთებული ოპერაციით შედეგი ვერ მიიღეს.

Micro TESE -ს პროცედურამდე პაციენტი შემდეგ ეტაპებს გადის: იგი გადის კონსულტაციას უროლოგ-ანდროლოგთან, მას უტარდება ჰორმონალური ანალიზები, სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, გენეტიკური ტესტები —კარიოტიპირება, Y ქრომოსომის მიკროდელეციების ტესტი  და ა.შ. ამ ეტაპების გავლის შემდეგ ექიმი ზუსტ დიაგნოზს სვამს და განსაზღვრავს, Micro TESE-ს გაკეთების შემთხვევაში, რამდენად მაღალია სპერმის მიღების შანსი. 

მამაკაცის უნაყოფობა

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობის მიუხედავად, შესაძლოა, მამაკაცს სათესლე ჯირკვალში სპერმის წარმოების ფოკუსური უბნები ჰქონდეს. Micro TESE -ს დროს ხდება სათესლე ჯირკვალის მიკროდისექცია (გახსნა) და მიკროსკოპის საშუალებით სპერმის წარმომქმნელ მილაკებში სწორედ ამ ფოკუსური უბნების ძებნა, რომლებშიც შესაძლოა აქტიური სპერმატოგენეზი (სპერმის წარმოქმნა) კვლავაც მიმდინარეობს. პროცედურის დროს ამ მილაკებიდან მინიმალური, 2-3 მმ ზომის ქსოვილის ამოკვეთა ხდება, რაც სხვა ტექნიკების დროს ამოკვეთილი ქსოვილის მოცულობაზე მინიმუმ 70-ჯერ ნაკლებია. შემდეგ მასში ემბრიოლოგი სპერმატოზოიდს ეძებს, რათა ის ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერების პროცესში გამოიყენოს.

ახალი მეთოდის უპირატესობები

არამიკროსკოპულ, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, Micro TESE-ს არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის:

  • ოპერაცია კეთდება მიკროსკოპის გამოყენებით;
  • აქვს სპერმის მოპოვების ყველაზე დიდი სიხშირე სხვა არამიკროსკოპულ მეთოდებთან შედარებით, რაც შეადგენს დაახლოებით 40-60%;
  • ამ მეთოდით მოპოვებული 1-2 სპერმატოზოიდიც კი საკმარისია, რომ თანამედროვე მეთოდით კრიოპრეზერვაცია (სპერმის გაყინვა) მოხდეს და სამომავლოდ ის პაციენტმა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის გამოიყენოს;
  • მწვავე პოსტოპერაციული და ქრონიკული გართულებების რისკი მინიმალურია;
  • ოპერაციის შემდეგ ტესტოსტერონის დონის დაქვეითებისა და სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ერექციული დისფუნქციის რისკებიც პრაკტიკულად არ არსებობს.

რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას?

  • ოპერაციის შემდეგ პაცინეტი კლინიკაში დაახლოებით 3-4 საათს რჩება;
  • მცირე დისკომფორტი და ტკივილი ნაოპერაციებ არეში შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს (ამ პერიოდში პაციენტს უნიშნავენ შესაბამის მედიკამენტებს);
  • პაციენტი ჩვეულ ცხოვრების წესს შესაძლებელია, დაუბრუნდეს მინიმუმ 10 დღეში;
  • პაციენტის სრულ რეაბილიტაციას 10-14 დღე სჭირდება.

ასე რომ, Micro TESE — რეპროარტის მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში დანერგილი ახალი მეთოდი, პრაქტიკულად ორჯერ ზრდის შვილის ყოლის შანსს. თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის პროგრესი მამაკაცის უნაყოფობის პრობლემას დღითიდღე უფრო ეფექტიანად უმკლავდება. მთავარი ექიმთან დროული ვიზიტი და სწორი მკურნალობის შერჩევაა.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი